20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
COVID-19 მსოფლიოში - აშშ-ში დღე-ღამის განმავლობაში 2400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 2 მილიონს უახლოვდება. COVID-19-ს უკვე 126 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დღე-ღამის განმავლობაში 2400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 27 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში. დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ შეზღუდვები რამდენიმე შტატში შესაძლოა მაისამდე მოიხსნას. პარალელურად, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განკარგულებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შტატებიდან დაფინანსება უწყდება. ტრამპი ორგანიზაციას ​კორონავირუსის საფრთხის შესახებ ინფორმაციის არასათანადო გავრცელებაში ადანაშაულებს. გაეროს გენერალური მდივანი კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ჯანმოსთვის რესურსების შემცირების დრო არ არის.

გასულ დღე-ღამეში 602 ადამიანი დაიღუპა იტალიაში. COVID-19-ის მონაცემები მატულობს ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ვირუსის პრევენციის მიზნით აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათი ამოქმედდება სერბეთში.

ქვეყანაში დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის დანია. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები გაიხსნება. სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სოციალური დისტანციის დაცვითა და დასუფთავების მკაცრი რეჟიმით ჩატარდება. შეზღუდვების შემსუბუქებაზე დღეს იმსჯელებს გერმანიის მთავრობაც.

პანდემიის ფონზე სამხრეთ კორეაში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს - თურქეთში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 4 000-ზე მეტი და გარდაცვალების 107 ფაქტი დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19​ შემთხვევათა რიცხვი 65 000-ს, ლეტალობის მაჩვენებელი კი 1 400-ს აჭარბებს. რუსეთში დაღუპულთა რაოდენობა 170-მდე, სომხეთში 16-მდე, აზერბაიჯანში კი 13-მდეა გაზრდილი.

დღის ამბები