20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით დაავადებულების რიცხვი იზრდება

კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში დღე-ღამეში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოვიდინფექციას 115 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 4 ათასზე მეტი ახალი ფაქტი გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსით უკვე ათას 500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

კოვიდ-19-ის მსხვერპლი 198-მდეა გაზრდილი რუსეთში. ეს მაჩვენებელი სომხეთში 17-ს, აზრებაიჯანში კი 13-ს შეადგენს.

პანდემიის ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც დღე-ღამეში ინფიცირების 30 ათასზე მეტი და გარდაცვალების 2500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ნიუ-იორკის შტატში სავალდებულო ხდება პირბადის ტარება. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკი უკვე გადალახა, თუმცა შტატები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

ბოლო 24 საათში ლეტალობის 1,400-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა საფრანგეთში. იტალიაში კი ბოლო ერთ თვეში დღე-ღამეში ინფიცირების ყველაზე ცოტა - 2600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

საკარანტინო ზომების მცირედით შემსუბუქებას იწყებს გერმანია, სადაც მომდევნო კვირიდან მაღაზიების ნაწილი გაიხსნება, თუმცა მასშტაბური საზოგადოებრივი შეკრებები, მათ შორის რელიგიური მსახურებები 31 აგვისტომდე იქნება აკრძალული.

ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები.

დღის ამბები