კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულმა პროექტმა - sensor.ge უკონტაქტო ღილაკების დამზადება დაიწყო.
ხელით შეხების თავიდან ასაცილებლად ისინი ლიფტებში, ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე დამონტაჟდება. სენსორული ღილაკით სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მოქალაქეებმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს.
სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე გაკეთდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში. ინოვაციაზე სასაუბროდ კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდა.
"ეს არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც ჩვენ, სამომავლოდ, დაგვიცავს ვირუსის გავრცელებისგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ისეთ ტექნიკასთან ურთიერთობაში, რომელიც აქამდე საჭიროებდა უშუალო შეხებას. ჩვენი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ეხმარება ამ სტარტაპს. ჩვენ გამოვყავით 15 ათას ლარიანი გრანტი იმისთვის, რომ მათ პირველი საცდელი პარტია, 1000 ღილაკი გამოუშვან,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.