23 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობას მთავრობამ თვითონვე დაუკარგა ის მნიშვნელობა, რასაც თავიდან ანიჭებდა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ხვალ, 21 აპრილს ზუსტად ერთი თვე შესრულდება, რაც საქართველოში COVID 19-ის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების ვადამ 10 მაისამდე გადაიწიოს. გადაწყვეტილებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივებაზე სამსჯელოდ პარლამენტი საგანგებო სესიაზე ოთხშაბათს, 22 აპრილს შეიკრიბება. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს, ოპოზიციაში კი გადაწყვეტილების მხარდასაჭერად  მთავრობისგან ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვენ. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა, რადგან მთავრობამ მისი ჯეროვნად ასრულება ვერ უზრუნველყო. 

"მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო იმ დარჩენილი 5-10%-ისთვის, რომელთაც სჭირდებათ მაინცდამაინც მთავრობის მხრიდან დაძალება, ოღონდ ვხედავთ, რომ ეს დაძალება არ გამოვიდა. ვხედავთ, რომ მთავრობამ რისთვისაც შემოიღო ეს საგანგებო მდგომარეობა, რომ, მაგალიათად, იგივე რელიგიური რიტუალები წელს განსხვავებულად ჩატარებულიყო, ამის აღსრულება ვერ უზრუნველყო. საბოლოო ჯამში, ამ შეზღუდვებით ჯოხი გადატეხა იმ ადამიანებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ემორჩილებიან ფიზიკური დისტანცირებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს. აქედან გამომდინარე, მთავრობამ თვითონვე დაუკარგა საგანგებო მდგომარეობას ის წონა და მნიშვნელობა, რასაც თავიდან თავადვე ანიჭებდა,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს  საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამისთვის მთავრობისგან ადამიანების დახმარების კონკრეტული სქემა და შესაბამისი დასაბუთება უნდა მოისმინოს

"იმ შემთხვევაში, თუ გეგმა არ ექნება მთავრობას, არ ექნება კონკრეტული სქემა წარმოდგენილი, პროგრამები, რომლითაც უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, და თუ არ იქნება დასაბუთებული ეს მოთხოვნა, მე ვიფიქრებ. შეიძლება თავი შევიკავო, მაგრამ თუ ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მთავარი საფრთხე დავინახე, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე საფრთხის ქვეშ დგება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მაშინ, ბუნებრივია, მხარს დავუჭერ," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები