21 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
კორონავირუსი და მეზობელი სახელმწიფოები - საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ინფიცირების სტატისტიკა იზრდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის ორ მილიონ ნახევარს მიაღწია. პანდემიამ 170 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. იზრდება სტატისტიკა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. 

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 38-ით გაიზარდა და 1,436 შეადგინა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, სულ 19 ადამიანია. დადებითი მონაცემების მიხედვით კი, COVID-19-გან აზერბაიჯანში უკვე 800-მდე პაციენტი განიკურნა.

რუსეთში დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 47 ათასს აღემატება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ს 44 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 29 მოსკოვში გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 405 ადამიანია დაღუპული. რუსეთში იმატებს ახალი შემთხვევების რიცხვიც, გასული დღე-ღამის განმავლობაში 4,268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მივაღწევთ კორონავირუსით ინფიცირების პიკს, სიტუაციის შესაძლო განვითარება, პირდაპირ კავშირშია ჩვენს საზოგადოებასთან. მაქსიმალურად უნდა მოხდეს იზოლაციის წესების დაცვა, ჩვენ ხელისუფლება და ჯანდაცვის უწყება სათანადო გადაწყვეტილებებს დროულად გავატარებთ," - აცხადებს მოსკოვის მერის მოადგილე ანასტასია რაკოვა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანას, თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით ინფიცირების 4,674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი კი, თურქეთში 123-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, თურქეთში კორონავირუსით დღემდე 2,140 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში ვირუსი სულ დადგენილი აქვს 90,980 ადამიანს.

თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში კომენდანტის საათის გახანგრძლივებას კიდევ ოთხი დღით გეგმავს.

რაც შეეხება უკრაინას, იქ COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 151 შეადგინა, ინფიცირებულია 5,700 ადამიანი, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა სომხეთშიც, ამ დროისთვის ინფიცირებულია 1,339 ადამიანი, გარდაცვალებით დასრულდა 22 შემთხვევა. 

დღის ამბები