20 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ იკლო - ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ 10 მაისამდე გაახანგრძლივა

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ბოლო მონაცემებით, იტალიას ამ დროისთვის 187 327 ინფიცირებული ჰყავს, გარდაცვლილთა რაოდენობა 25 085-ს შეადგენს.

საფრანგეთში COVID-19-ით 160 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, ლეტალურად დასრულებულ შემთხვევათა რაოდენობა 21 340-ია.

რაც შეეხება გერმანიას, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, ინფიცირებულთა რაოდენობა 150 ათასს გადასცდა, გარდაცვლილია 5 315 ადამიანი.

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა, რომელიც ბიზნეს საქმიანობასა და გადაადგილებაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებისა და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ფაზა უნდა იყოს ნელი, ეტაპობრივი და უსაფრთხო.

"ეს გახანგრძლივება წინა შემთხვევებისგან განსხვავებულია. პირველი შემთხვევაა, როდესაც ამის გაკეთება მომავლისადმი ფრთხილი ოპტიმიზმით შემიძლია. ყოველი დაშვებული შეცდომა, ყოველი გამოწვევა, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით, სხვისი ინტერესებით გამოწვეული ყოველი შეყოვნება, იქნება ტვირთი მომავალ თვეებსა და წლებში," - განაცხადა პედრო სანჩესმა.

ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ამერიკის შემდეგ. ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 208 ათას შემთხვევაზე მეტი. გარდაცვლილია 21 717 ადამიანი.

დღის ამბები