20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მატულობს

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. თურქეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსს 2, 376 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი, 98 ათასს აჭარბებს.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 42 ინფიცირებული პაციენტი. სულ აზერბაიჯანში გამოვლენილია COVID-19-ით ინფიცირების 1,518 შემთხვევა, აქედან 907 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.

რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, 1,473 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია სომხეთის 24 მოქალაქე.

უკრაინაში კი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, ტერნოპოლის მიტროპოლიტ სერგის კორონავირუსი დაუდასტურდა. სპეციალისტები მასთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენას ცდილობენ. უკრაინული მედიის ცნობით, გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდგინეს ტერნოპოლში კიდევ ოთხ მღვდელსა და დიაკვანს. ინფიცირების შემთხვევები უკრაინაში 7,000-ს აღწევს, ლეტალურად დასრულდა 174 პაციენტის სიცოცხლე.

რუსეთში COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობა 58,000-მდე გაიზარდა, გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ კი 513 შეადგინა.

"წინასწარ განსაზღვრა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რთულია, თუმცა ჩვენ შესაძლო განვითარების ყველა ვერსიისთვის ვემზადებით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას იზოლაციის წესები, სხვანაირად მილიონობით ადამიანის კონტროლი წარმოუდგენელია" - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

დღის ამბები