20 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ინექცია სადეზინფექციო ხსნარით - კომპანია "დეტოლის" გაფრთხილება ტრამპის სკანდალურ განცხადებაზე

ტრამპის ირგვლივ კვლავ სკანდალია. სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდი "დეტოლი" მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთონ სადეზინფექციო ხსნარით ინექცია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არ არსებობს გარემოება, როდესაც ადამიანმა სადეზინფექციო ხსნარი ინექციის სახით შეიძლება გაიკეთოს ან დალიოს.

კომპანიამ სპეციალური განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დონალდ ტრამპმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა ვარაუდი, ხომ არ შეიძლება, რომ სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც კორონავირუსს ერთ წუთში კლავს, ინექციის სახით იყოს გამოყენებული ინფიცირებულ პაციენტებში.

პრეზიდენტის ამ განცხადებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა და ექიმების კრიტიკა მოჰყვა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იდეას შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს. მოგვიანებით პრეზიდენტმა განმარტა, რატომ გააჟღერა ასეთი იდეა.

"ჩემი ეს კითხვა, რომელიც რეპორტიორებს დავუსვი, სარკაზმი იყო. მაინტერესებდა, რა მოხდებოდა. ბრიფინგზე ოთახში მტრულად განწყობილი რეპორტიორები, ყალბი ახალი ამბების სააგენტოების წარმომადგენლები იყვნენ და მაინტერესებდა მათი რეაქცია," - აღნიშნა ტრამპმა. 

შტატები აქტიურად არაა ჩართული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივაში, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას გულისხმობს, რათა უსწრაფესად შეიქმნას ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატი. ამ საკითხზე ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა, ასევე ლიდერებმა აზიიდან და აფრიკიდან, თუმცა მათ შორის არ იყვნენ ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლები.

დღის ამბები