20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
"თუ გიყვართ იტალია, დაიცავით დისტანცია!" - ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი საკარანტინო რეჟიმი სრულდება

იტალიის ხელისუფლებამ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. BBC-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, კარანტინის შემსუბუქება 4 მაისიდან დაიწყება. მოქალაქეები ახლობლებთან სტუმრობას შეძლებენ, თუმცა ნიღბის ტარება აუცილებელი იქნება.

გაიხსნება პარკები, თუმცა სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ აღდგება.

გუშინ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 260 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 14 მარტის შემდეგ ფატალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში კორონავირუსმა სულ 26 644 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა. იტალიაში COVID-19-ით 197 675 ადამიანი დაინფიცირდა.

ვირუსის შემთხვევების მატება იკლებს და ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დროა, დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს.

როგორია შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა

როგორც ჯუზეპე კონტემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის შემსუბუქების ფაზა მოიცავს შემდეგ ზომებს:

ადამიანებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ საკუთარი რეგიონის მასშტაბით, თუმცა სხვა რეგიონში გამგზავრების საშუალება არ ექნებათ;

დაკრძალვები კვლავ გაიმართება, მაგრამ სამგლოვიარო პროცესიაზე დასწრება მხოლოდ 15 ადამიანს შეეძლება;

სპორტსმენებს ინდივიდუალური ვარჯიშის გაგრძელების საშუალება მიეცემათ, მოსახლეობას კი უფლება ექნება, სპორტით არა მხოლოდ სახლის მიმდებარედ, არამედ სხვა ღია ადგილებშიც დაკავდეს;

ბარებისა და რესტორნების მიტანის სერვისი 4 მაისიდან ამოქმედდება;

სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები 1 ივნისიდან უმასპინძლებენ კლიენტებს;

საცალო ვაჭრობის ობიექტების დიდი ნაწილი 18 მაისს გაიხსნება, მუზეუმებთან და ბიბლიოთეკებთან ერთად;

სპორტული ჯგუფური ვარჯიშებიც ასევე 18 მაისიდან გახდება შესაძლებელი;

ჯუზეპე კონტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ აუცილებელი იქნება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში. არ აღდგება საეკლესიო მსახურება. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ერთმანეთისგან 3 მეტრიანი დისტანცია დაიცვან.

"თუ არ დავიცავთ წესებს, ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა კვლავ გაიზრდება და ჩვენს ეკონომიკას უდიდესი ზარალი მიადგება. თუ გიყვართ იტალია, დაიცავით დისტანცია,“ - განაცხადა კონტემ.

იტალიელები სრული კარანტინის რეჟიმში 9 მარტიდან ცხოვრობენ. ყველა მოქალაქეს მოეთხოვება, დარჩეს სახლში. მათ გადაადგილება მხოლოდ მცირე დისტანციაზე შეუძლიათ.

დღის ამბები