კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დღესაც გაგრძელდება - რეგიონის სამივე შემოსასვლელთან დროებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გურიაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
"ეს არის განმეორებითი თერმოსკრინინგი რეგიონის მასშტაბით. მოწმდება ყველა მანქანა, რომელიც რეგიონში შემოდის და გადის. ვინაიდან მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში საშუალება მიეცათ, რომ გადაადგილდნენ ქალაქებს შორის, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ პრევენციის მიზნით განგვეხორციელებინა თერმოსკრინიგი," - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.