18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში - The Telegraph

COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორი ბიძინა ივანიშვილია - ამის შესახებ საუბარია Telegraph-ის სტატიაში, რომლის ავტორიც გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეია.

"ისინი არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.

მაგრამ, მიუხედავად მსოფლიოს ზოგიერთი ფილანთროპის მიერ ექვს და შვიდნიშნა შეწირულობისა, სულ მოსახლეზე  შეფარდებით კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, არც კი გსმენიათ.

პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედთა ახალი სიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ბიზნესმენი და ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში,  COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია.

64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება (4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნაში სულ მოსახლეზე  7.51 დოლარს შეადგენს.

4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი შვილი - ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია, ივანიშვილი გახლავთ ქარხნის მუშის შვილი,  ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვის და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად  დააგროვა.

[ოფიციალურ თანამდებობაზე] მისმა მემკვიდრემ, საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა Telegraph-ს: „ბიძინა ივანიშვილი, თავისი ქველმოქმედებით ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და ასევე უზარმაზარ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე“.

ხსენებულ სიაში, CIA World Factbook-ის ერთ სულ მოსახლეზე გათვლებისა და შენატანების შესახებ Forbes-ის მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, მეტსახელად Twiggy, რომელმაც გაიღო 25,5 მილიონი დოლარი, ანუ 3,93 დოლარი სულ მოსახლეზე. მესამე ადგილზეა Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე  3,01 დოლარია.

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა, რომელთა შენატანი  255 მილიონ დოლარს შეადგენს, სიაში მე-9 ადგილზე არიან. მას მოჰყვება Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და ტექნოლოგიური კომპანიის Dell Inc მფლობელი მაიკლ დელი (100-100 მილიონი დოლარი).

დონორების სიაში მხოლოდ 2 ბრიტანელია: Bet365-ის დამფუძნებელი დენის კოუტსი (12,6 მილიონი დოლარი) და ვესტმინსტერის ჰერცოგი (15 მილიონი გირვანქა სტერლინგი).

ქალები ამ სიაში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ლინ შუსტერმანითა და მისი ქალიშვილი - სტეისით, რომლებიც როტშილდის დინასტიის შთამომავლები არიან და ამჟამად ხელმძღვანელობენ ნავთობისა და გაზის კომპანიას  Samson Energy-ს."- ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები