18 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
თეთრიწყაროში COVID-19 კიდევ ერთ მამაკაცს დაუდასტურდა - იკვლევენ 170 პირის ანალიზის ტესტებს

თეთრიწყაროში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება - COVID-19 კიდევ ერთ მამაკაცს დაუდასტურდა, ის ერთ-ერთი ინფიცირებული ექთნის ოჯახის წევრია. არსებული ინფორმაციით, ამ პირს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არ ჰქონდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. შესაბამისად, სპეციალისტების განცხადებით, ამ შემთხვევაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

თეთრიწყაროში სულ გამოვლენილია 23 შემთხვევა. იკვლევენ კიდევ 170 ადამიანს, მათი ანალიზის პასუხი დღის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი. თეთრიწყარო უკვე მეოთხე დღეა ჩაკეტილია.

"170 ტესტი აიღეს, აქედან მოვიდა 27 პასუხი, საიდანაც ერთი გახლავთ დადასტურებული. დანარჩენ პასუხს ველოდებით დღის მეორე ნახევარში იქნება," - აღნიშნა თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა კლიმენტი იოსელიანმა.

თეთრიწყაროს კლინიკის დირექტორი პაატა მეხრაძე საკარანტინო სივრცეში 22 ადამიანთან ერთად იმყოფება. მხეიძის განცხადებით, მისი კლინიკა ამ დროის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკება პერსონალის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

"ვინც აქ ვართ, ყველა ნორმალურად ვართ. ყველას ჰქონდა აღებული ანალიზები და ყველას უარყოფითი პასუხი მოგვივიდა. გამოყოფილია მედიცინის მუშაკთა ჯგუფი ჩვენი რეგიონალური ჯანდაცვის ჯგუფიდან, რომლებიც ამ შაბათიდან შეუდგებიან პაციენტების მიღებას. დადგინდება ყველა კონტაქტი - ყველა ადამიანი, ვინც იმ პერიოდში კონტაქტში იყო, როგორც პაციენტი, ისევე ოჯახის წევრები. ეს ალბათ მოხერდება შაბათისთვის და შაბათს შეუდგება ჩვენი კლინიკა მუშაობას," - განაცხადა თეთრიწყაროს კლინიკის დირექტორმა პაატა მეხრაძემ.

ამ დრომდე უცნობია პირველი წყარო, ვინც პირველად შემოიტანა თეთრიწყაროში კორონავირუსი.

დღის ამბები