17 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ - სალომე ზურაბიშვილი ქართველ სამხედროებს

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სარდლობებს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიმართა და საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.

 "29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა.

 მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთლიანად იცვლება მსოფლიო. მსოფლიოს წინაშე მდგარი ასეთი დიდი გამოწვევა საქართველომ პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით გაიარა, მაგრამ ჯერ წინ ბევრი, სხვა რთული ეტაპი გველის. ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

 თქვენ ასახელეთ საქართველო თქვენი პროფესიონალიზმით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო მისიებში. ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ამდენად, თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ, ამისათვის დიდ მადლობას გიხდით.

 არ შეიძლება დღეს არ გავიხსენოთ სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი მომავალი წარმატებების მონაწილენიც არიან.

 არ შეიძლება პატივი არ ვცეთ ჩვენს ვეტერანებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, რამეთუ ძლიერი ჯარი ძლიერი ვეტერანების გარეშე არ არსებობს.

 ყველას უდიდეს მადლობას გიხდით. ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საერთო ბრძოლა და ერთად მოვიხადოთ ჩვენი ვალი სამშობლოსა და ერის წინაშე,"  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

დღის ამბები