18 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
პარლამენტმა მუშაობა უნდა განაახლოს და მთავრობა გააკონტროლოს - ოპოზიცია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების აღდგენას ითხოვს

პარლამენტმა მუშაობა უნდა განაახლოს და მთავრობა გააკონტროლოს - "ნაციონალური მოძრაობა" პლენარული სხდომების და საკომიტეტო მოსმენების განახლებას ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ უცხოეთიდან მოზიდული თანხების 85 პროცენტი კრედიტია, მთავრობა თანხებს უკონტროლოდ ხარჯავს, ბიუჯეტის პროექტი კი პარლამენტში არ წარუდგენია.

ოპოზიციის განცხადებით, კანონმდებლებმა მთავარი ფუნქცია, მთავრობაზე ზედამხედველობის უფლება, სწორედ ახლა უნდა გამოიყენონ. 

"ქვეყანაში როდესაც მოზიდულია რამდენიმე მილიარდი დოლარი, უდიდესი ნაწილი სესხის სახით, მისი განკარგვა არ უნდა იყოს 2 ან 3 ადამიანის პრეროგატივა. სწორედ მის ხარჯვაზე საპარლამენტო კონტროლის გაზიარება არის პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.

რაც შეეხება ბოიკოტს, როგორც ამ რეჟიმს, ასევე პარლამენტის მაღალ ტრიბუნას ჩვენ გამოვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას "ევროპული საქართველოც" იზიარებს. ოპოზიციურ პარტიაში ასევე ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება აღდგეს. საუბარია იმ თანხებზე, რომელიც მოზიდულია და რომელიც პანდემიის გამო ბიუჯეტიდან იხარჯება. მათი თქმით, სპეციალური ბიუჯეტი სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მიერ უნდა იყოს გაკონტროლებული. 

ოპოზიცია მოითხოვს, მოიხსნას ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და აღდგეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები იმისათვის, რომ ოპოზიციამ პარლამენტთან ერთად მთავრობაზე კონტროლის გაწევა შეძლოს.

"პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა განახლდეს, რომ თანხების ხარჯვაზე იყოს ზედამხედველობა, მათ შორის რა გადაწყვეტილებებიც მიიღება, მიიღებოდეს ერთობლივ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება არა მარტო ეკონომიკური კრიზისი, არამედ გვექნება ანგარიშვალდებულების კრიზისიც, იმიტომ, რომ ეს თანხები რაზე და როგორ იხარჯება, სრულიად გაურკვეველია და პარლამენტი ამაში არ მონაწილეობს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები