უკვე მესამე დღეა თუშეთის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში 62 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს უამინდობა და რთული რელიეფი აფერხებს.
"სამძებრო სამუშოები შეწყდა კლიმატური პირობების გამო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები.
ეს ლოკაცია მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, სადაც არის რთული ხილვადობა, აქედან გამომდინარე შეზღუდულია სამუშაოები საღამოს საათებში," - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ვალერი აბრამიშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის თქმით კი, უამინდობამ შესაძლოა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გახსნაც შეაფერხოს.
შეგახსენებთ გზაზე ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. თუშეთის მიმართულებით ერთადერთი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება.
მთაში მუდმივად მცხოვრებლები და ადგილობრივები გადაადგილებას მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ახერხებენ.