19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
გამოყოფილი თანხიდან, დიდი კომპანიები შეღავათს ვერ მიიღებენ და პრობლემები შეიქმნება - "აჭარა ჯგუფი" იაფიან სესხებზე წვდომას მოითხოვს

ტურიზმის სექტორი გახსნისთვის ემზადება - მთავრობამ სულ მცირე 60 მილიონი ლარი გაითვალისწინა სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ვარაუდობს, რომ ამ დახმარებით დაახლოებით 3,000 კომპანია ისარგებლებს. 

"აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ის ფინანსური დახმარება, რომელიც სასტუმროების ასამოქმედებლად გამოიყო მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, საშემოსავლო და ქონების გადასახადები დროში კი არ გადავადებულიყო, არამედ მთლიანად მოხსნილიყო.

რაც შეეხება ბანკებთან ურთიერთობას, ვალერი ჩეხერიას თქმით, იმ თანხებით, რომლებიც არის გამოყოფილი დახმარების ნაწილში, დიდი კომპანიები შეღავათს ვერ მიიღებენ და ამ საკითხში, სავარაუდოდ პრობლემები შეიქმნება.

"აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მთავრობასთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან აქტიურად იმუშავეს, თუმცა განმარტავს, რომ იმისთვის, რათა არ შეჩერდეს ეკონომიკის მამოძრავებელი დიდი კომპანიების მუშაობა, აუცილებელია კომპანიებს იაფიანი სესხების აღების შესაძლებლობა მიეცეს.

"რეალურად დიდი დახმარებაა, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ საერთოდ მოიხსნებოდა საშემოსავლო და ქონების გადასახადთან ერთად, დროში კი არ გადავადდებოდა, არამედ მთლიანად მოიხსნებოდა. ეს ძალიან დადებითია და მისასალმებელია, დარწმუნებული ვარ უკვე ძალიან დიდი შეღავათია ტურიზმის სექტორისთვის.

თუმცა რაც შეეხება ბანკებთან ურთიერთობას, ეს სისტემაა, რომელშიც ალბათ ჩვენ, დიდ კომპანიებს ვქმნით, ყველაზე დიდი შემომყვანები ვართ ტურიზმის იმიტომ, რომ ყველაზე დიდი განთავსება გვაქვს, ამაში ძალიან გაგვიჭირდება. ამაში იქნება პრობლემები იმიტომ, რომ ის თანხები, რომელიც დღესდღეობით არის გამოყოფილი ამ ნაწილში, ჩვენ, დიდ სასტუმროებს ვერ მოხმარდება და ამითი ვერ მივიღებთ შეღავათს სამწუხაროდ.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ სახელმწიფოსთან და ასევე იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთანაც ვაპირებდით, რომ მოგვეზიდა მაქსიმალურად თანხა, ასე რომ ჩვენც, დიდი ბიზნესები, ერთ-ერთი ლობისტები ვართ, რომ თანხების მობილიზება ყოფილიყო, იაფიან სესხზე წვდომა ჩვენც გვქონდეს, გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ახალი სესხები ავიცილოთ.

დასაქმების ნაწილში, ჩვენს ჰოსპითალითი ნაწილში, სადაც 3,000 ადამიანამდე გვყავს დასაქმებული, ეს არის უდიდესი ეკონომიკა, თითოეული ადამიანის უკან ოჯახები, საკვები და ა.შ.

არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ. მიგვაჩნია, რომ ტურიზმი იქნება, ისევე როგორც აქამდე იყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ეკონომიკის ქვეყნისათვის. არ ვაპირებთ, რომ ჩვენც ჩამოვრჩეთ ამას, გვინდა, რომ განვვითარდეთ, თუმცა ამ განვითარებისთვის საჭიროა რეგიონში განვვითარდეთ. იცით ჩვენი ახალი პროექტები, რომლებიც წამოწყებული გვქონდა, არ გვინდა, რომ ეს პროექტები შეჩერდეს, თუმცა ამისთვის აუცილებელია გარკვეულწილად ის, რომ ბანკები იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ სახელმწიფო ან გარანტორია, ან მასუბსიდირებელი არის ისევე როგორც პატარა ბიზნესებისთვის, ასევე დიდი ბიზნესებისთვისაც," - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

 

დღის ამბები