23 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
გასაკვირია, ორი ძალა, რომელთაც საზოგადოება ბევრჯერ ჰყავთ გადაგდებული ერთმანეთს რატომღაც ასე გულუბრყვილოდ ენდო - ლევან კობერიძე

ექნება თუ არა "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციის მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს - ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ჩვენი მხარდაჭერა ექნება იმას, რასაც ხელი მოვაწერეთ და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, ყველა იმ სუბიექტის მხრიდან, ვინც ხელი მოაწერა, ეს ვალდებულება უნდა იყოს შესრულებული და მხარდაჭერილი," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი მმართველი გუნდის მხრიდან სიურპრიზებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა "ოცნების" რომელიმე ნაწილი საარჩევნო ცვლილებების წინააღმდეგ ისევ გამოვიდეს.

"სიურპრიზები და მოსახლეობის გადაგდება არახალია, როგორც ახლა მმართველი გუნდის "ქართული ოცნებისაგან", ასევე ყოფილი სახელისუფლებო გუნდებისგან, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ მათთან აფილირებაში თუ თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ სახეზე გვაქვს ფაქტი, როცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამოვიდა და ის საერთო სახალხო შეთანხმება, რაც იყო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ფაქტიურად ესე თქვა - რაზე მთხოვთ პასუხს კონტრაქტი ხომ არ გამიფორმებია ვინმესთანო. აქედან გამომდინარე სიურპრიზები ნამდვილად შეიძლება იყოს,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძის თქმითვე, ოპოზიციას პოლიტპატიმრების თემაზე უფრო კონკრეტული ჩანაწერის გაკეთება უნდა მოეთხოვა:

"მიკვირს იგივე "ევროპული საქართველოსი", გიგა ბოკერიასი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და რატომ გახდა ასეთი გულუბრყვილო, სიტყვაზე ენდნენ და დაეთანხმნენ იმაზე, რომ რაღაც გარიგება შედგა მოსახლეობის ზურგს უკან, რომელიც არსად არაა დაფიქსირებული და იმედი ქონდათ, რომ ასეთი შეთანხმებები შეიძლება შედგეს.

დარწმუნებული ვარ, რაღაც საუბრები იქნებოდა ენმ-სა და "ოცნებას" შორის. ჩემი წუხილიც ესაა, ამ ქვეყანაში ეს ორი ძალა ჩვენს ზურგს უკან მოილაპარაკებენ, რაღაცაზე თანხმდებიან, მერე ერთმანეთს გადააგდებენ და  ერთმანეთს ბრალს უყენებენ, ამაში სადაა სახელმწიფო და ხალხი? ვზიანდებით ჩვენ. მივედით იქამდე, რომ პოლიტპატიმრებია ნახსენები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელოვანი წარმომადგენლისაგან,"- აღნიშნა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, თუ ეს ეს პირობა არსებობდა, უნდა ყოფილიყო დოკუმენტში შეტანილი, თუნდაც იმ ეგზემპლარზე, რომელიც შეთანხმებაზე ხელმომწერ თითოეულ მხარეს დაურიგდა. ლევან კობერიძის თქმითვე, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თავის ეგზემპლარზე ასეთი წინაპირობა დაიტანეს და ეს არის სავალდებულო არჩევნების თემა.

"მართლა ძალიან გასაკვირია, რომ ის ორი ძალა, რომელთაც საზოგადოება ბევრჯერ ჰყავთ მოტყუებული და გადაგდებული, ერთმანეთს რატომღაც ენდო ასე გულუბრყვილოდ და მიაბეს ეს საარჩევნო კანონმდებლობას,"- განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 

 

დღის ამბები