18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
"ქართული ოცნება" ახლა ხიბლშია ჩავარდნილი, განცდა აქვთ, რომ წარმატებული ფონია შექმნილი მათთვის - ეკა ბესელია

ეკა ბესელიას მოსაზრებით, "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდება აწყობს. დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხიბლში ჩავარდა და ახლა ის განცდა აქვთ, რომ ახლა მათთვის ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ფონია შექმნილი.

როგორც "დღის კურიერის" ეთერში ეკა ბესელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რაც შეიძლება დროულად მიიღონ, რადგან ოქტომბრის თვემდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. 

დამოუკიდებელი დეპუტატი უსარგებლოდ მიიჩნევს იმაზე დავას, უნდა შესრულდეს თუ არა 8 მარტის შეთანხმებიდან ორივე პუნქტი. 

"ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციური ცვლილებები, რაც შეიძლება დროულად მივიღოთ იმიტომ, რომ ოქტომბრამდე დარჩენილია 5 თვეზე ცოტა მეტი, სრულიად არანორმალურია ის ვითარება, რომ ქვეყანამ არ იცის რა სისტემით ატარებს არჩევნებს და ახლა დაიწყო ბრძოლის ახალი რაუნდი - ვინ რას გულისხმობდა ამ ხელშეკრულების მეორე პუნქტში და უნდა შესრულდეს ყველა პირობა, თუ არ უნდა შესრულდეს.

ამ უსარგებლო და უსაფუძვლო ჭიდილში, თუ რამე არ არის ჩაფიქრებული აქ მზაკვრობა, ვიღებთ ძალიან გამაღიზიანებელ განცხადებებს ევროპული სტრუქტურებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავს საქართველოს.

თუ შეთანხმების არც ერთი პირობა არ შესრულდება, ეს ხომ ორმაგი ზიანი იქნება ქვეყნისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც სამართლიანობას ელოდება. ამიტომ თუ "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დაარღვიოს 8 მარტის შეთანხმება და მიზეზებს თუ ეძებს, ის მიზეზებს იპოვის, ასეთ შემთხვევაში ეს გამოჩნდება კენჭისყრის დროს.

წინასწარვე თქვან, "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს“ გარეშე მზად არიან, რომ მისცენ ხმა ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს თუ არა? ჩვენი ხმები, სხვა დეპუტატების, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმები კენჭისყრისთვის მათ ეყოფათ, საკმარისი იქნება.

სამწუხაროდ ვუშვებ ამ შესაძლებლობას, როცა ვაკვირდები ამ ბოლო პერიოდის კომენტარებს. ვიპოვოთ გამოსავალი. 

პირველ რიგში "ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, ხელისუფლებამ უნდა შექმნას ყოველთვის ისეთი წინაპირობა, რომ ვალდებულება, რაც აღებულია საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ის შესრულდეს.

მე მგონია, რომ "ქართული ოცნება" ხიბლში ჩავარდა. არ ვიცი ასეთ როლში რატომ უნდა იყოს ხელისუფლება, რომელსაც ამდენი პრობლემა და გაჭირვებული ადამიანი ჰყავს, მაგრამ თუ ეს განცდა აქვთ, რომ ახლა ძალიან წარმატებულ ფონზე არიან, ამ შემთხვევაში ეს ნაბიჯი გასაგებია, ჩათვალო, რომ არაფრად არ გიღირს, თუ როგორ გაკრიტიკებს საერთაშორისო საზოგადოება და ოპოზიცია, შეგიძლია თავს უფლება მისცე და კიდევ ერთხელ დაარღვიო პირობა, ეს არის ერთი ახსნა.

მეორე - ყველა ხელისუფლებას აწყობდა ყოველთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შერეული სისტემით, ამ სისტემის შენარჩუნება "ქართულ ოცნებასაც" უნდოდა, ამიტომ ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. თავად ჩააგდეს ბიძინა ივანიშვილის ავტორობით ხელმოწერილი და ინიცირებული კანონპროექტი. 

ამიტომ არ მიკვირს, რომ მათ არ უნდათ 8 მარტის შეთანხმების შესრულება იმიტომ, რომ იძულების წესით დასვეს მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და იძულების წესით მოხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება," - აცხადებს ეკა ბესელია.

დღის ამბები