19 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
როგორ უნდა შეავსონ აპლიკაცია თვითდასაქმებულებმა კომპენსაციის მისაღებად - ჯანდაცვის უწყების ვებგვერდზე რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ ბრიფინგის დროს განაცხადა. 

თამილა ბარკალაიამ საზოგადოებას დოკუმენტის შევსების წესები გააცნო და მასში შესაყვანი დეტალური ინფორმაციის შესახებ ისაუბრა. 

დოკუმენტი უნდა შეავსონ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი. ამისათვის აღნიშნული პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს -  moh.gov.ge.

"კორონავირუსის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ, მათ შესაბამისი კომპენსაცია ავტომატურად დაერიცხებათ.

თვითდასაქმებულებმა, რომლების რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე  - moh.gov.ge-ზე უნდა შეავსონ განაცხადი. ამ ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, ადამიანები, რომლების ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები და ინდივიდუალური მეწარმეები. 

კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცების წარდგენა. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე.

მიღებული განაცხადის დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ხოლო ფიზიკურმა პირებმა უნდა შეავსონ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საბანკო რეკვიზიტები,"- აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე იმ თვითდასაქმებულებზე ისაუბრა, რომლებიც რეგისტირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში. მისი თქმით, ასეთმა პირებმა დოკუმენტის შევსებისას გარკვეული დოკუმენტები უნდა წარადგინონ, რომლებიც მათი შემოსავლის წყაროს დასტური იქნება. 

"რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, მათაც დღეიდან უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე - moh.gov.ge და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ასევე მათ უნდა ატვირთონ რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც შემოსავლის მიღების ფაქტი დასტურდება. მას უნდა ჰქონდეს თარიღი და მოიცავდეს მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას,"- განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, თამილა ბარკალაიამ.

 

 

 

დღის ამბები