ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას სოციალური საცხოვრისის ბინადრები ავრცელებენ. მათი თქმით, კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდები საცხოვრისის ეზოში იყვნენ, პოლიციამ მათ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილობრივების თქმით, პოლიცია ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, პოლიციამ მისი არასრულწლოვანი გოგო სცემა და ბავშვს სახეზე და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
მისივე თქმით, ბავშვზე პოლიციამ იძალადა და მომხდარის გამო სამართალდამცველებს უჩივლებს.
ამასთან, ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდებმა პოლიციას ჯარიმის გამოწერისკენ თავად მოუწოდეს, პოლიცია კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მომხდარის შემდეგ მისი ნაცემი შვილიშვილი გაუჩინარებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრისში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. უბნის ინსპექტორი პოლიციის მხრიდან ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.