23 დეკემბერი 2024,   00:45
ვრცლად
უკრაინის მხრიდან არაინფორმირება და ჩვენთან ამ საკითხის არგავლა იყო არადიპლომატიური - პრეზიდენტი სააკაშვილის დანიშვნაზე

შეკითხვას - მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნა, იქნება თუ არა  მეხუთე პრეზიდენტისთვის შემაფერხებელი გარემოება უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად და რამდენად სწორია ამ დანიშვნის გამო სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭებაზე საუბარი საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან -სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა. 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს სტრატეგიული პარტნიორის არაინფორმირებულობა უკრაინის მხრიდან არადიპლომატიური ნაბიჯია. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ის, მოზომილი და ნორმალური იყო:

"მე მგონი, პირიქითაა კითხვა დასასმელი, რამდენად სწორია იმ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც არის ჩვენი ძველი, საუკუნოვანი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც გვაქვს ამდენი საერთო საკითხები გადასაწყვეტი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვართ ის ორი ასოცირებული წევრი, რომელსაც რეალურად აქვს შანსი რომ ევროკავშირთან შიგ შევიდეს, შეიწიოს, ასე ვთქვათ და ჩვენ კიდევ უფრო, მაგრამ ეს ორი ქვეყანაა ძირითადათ. სხვები რეალურად არიან ბევრად შორს ამისგან. ამ დროს ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს წინასწარ, არ გეუბნება, რომ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ, ვიცი, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, ის ხომ არ არის ვიღაცა. გაფრთხილება და ინფორმირება, არის როგორც მინიმუმი ამ ტიპის ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა.

ასე რომ, მე ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული, უკვე არსებობდა ეს ფაქტორი - მის სახელს რაც შეიძლება ნაკლებად ხშირად ვხმარობ, ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური, მე დიპლომატიური ენა ვიცი და რა შეიძლება და რა არა. იყო სრულიად მოზომილი, ნორმალური, რაც უნდა ყოფილიყო. ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის სრულიად ბუნებრივია იმიტომ, რომ ელჩი უნდა იყოს ის, ვინც ამ საკითხებზე გაფრთხილებს და გაძლევს საშუალებას, როგორ უნდ იმოქმედო, აქ არაფერი უცნაური არ არის. დაველოდოთ მომავალს, რამდენად შევძლებთ და შეძლებს უკრაინის ხელისუფლება რომ ჩვენთან ჰქონდეს ის ურთიერთობები, რომელიც გვჭირდება.

ჩვენ უნდა წავსულიყავით ერთად, ეს იყო ჩემი შეთავაზება და ამას ძალიან პოზიტიურად შეხვდა თავის დროზე ზელენსკი, რომ ერთად ჩავსულიყავით ბრიუსელში და შევხვედროდით იქაურ ხელმძღვანელობას, ჩვენი ერთობლივი, წერილობითი მოთხოვნებით. ბოლო დანიშნული ვიზიტი კოვიდის გამო გადაიდო, ჩვენ არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიერ შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული შეურაცხყოფად. არაინფორმირება და ჩვენთან ამ საკითხის არგავლა იყო არადიპლომატიური, მე ამას ვიტყვი მხოლოდ,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები