22 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
COVID-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ IDFI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

COVID-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, როგორც სამედიცინო მოწყობილობების შემთხვევაში, ისე საკვები პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ზოგ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს უფორმდებათ. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 24 აპრილს გამარტივებული შესყიდვის მორიგი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსის გამოსავლენად ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ამ შესყიდვის ჯამური ღირებულება 930,000 ლარია.

პროდუქტის მწარმოებელ ქვეყანად ნიდერლანდებია მითითებული, კომპანია კი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ტესტები ჩამოუტანა შპს "სოლემარტია". მისი 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც ზურაბ ტუკვაძეა. მისი ბიზნეს პარტნიორები სხვა კომპანიებში, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და ჯამურად 63,000 ლარის შემოწირულობა აქვთ გაღებული.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.

"გვაქვს 2 ძირითად პრობლემა გამოკვეთილი. ერთი ეს არის საკვები მარაგების შექმნასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც ორი კომპანია ფიგურირებს ძირითადად. ორივე მათგანი არის შემომწირველი მმართველი პარტიის და რაც მთავარია, ორივე მათგანს შემოაქვს რუსული პროდუქცია. გაფორმებული ხელშეკრულების ფასი არის 13 მილიონ ლარზე მეტი. ზუსტად ერთი და იგივე სასტუმროში, ერთია და იგივე რაოდენობის ნომრების მომსახურებაში სახელმწიფომ ამჯერად, ახალ ხელშეკრულებაში, ბევრად ნაკლები თანხა გადაიხადა.

ერთი შემთხვევა გვაქვს მაგალითად, როცა ერთ სასტუმროში წინა ხელშეკრულებაში, ზუსტად იგივე ნომრებში 1 300 000 ლარი გადაიხადეს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ზუსტად იგივე მომსახურებაში 200 ათასი ლარი," - აცხადებს IDFI-ს ანალიტიკოსი მარიამ გოგიაშვილი.

დღის ამბები