26 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის ჩარევითაც ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა დაათმობინეს - "კურიერმა" მისი ვინაობა გაარკვია

"კურიერმა" იმ კრიმინალური ავტორიტეტის ვინაობა გაარკვია, რომლის ჩარევითაც ერთ-ერთ ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა იძულებით დაათმობინეს. "კურიერის“ ინფორმაციით, ეს არის გიორგი ღოღელიანი, რომელიც ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება.

სწორედ ის არის პირი, რომელთანაც ამ დროისთვის დაკავებულები დანაშაულებრივი სქემის ყველა დეტალს ათანხმებდნენ. მათ შორის იმასაც, ვის რა რაოდენობით თანხა და რა პერიოდის განმავლობაში უნდა მიეტანა "ქურდულ სამყაროსთან" დაახლოებული პირებისთვის.

დაკავებული 13 პირი ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მათ სახელმწიფო ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობისთვის სდებს ბრალს. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულების უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, იყენებენ დუმილის უფლებას და ჯერჯერობით ამაზე ვრცელ ინფორმაციას არ ფლობენ.

"კურიერი" ერთ-ერთის უფლებადამცველ ცოტნე ტყებუჩავას ესაუბრა, რომელიც ამ საქმეზე დაკავებულ ივანე ბოკერიას უფლებებს იცავს. საგამოძიებო უწყება  სწორედ ივანე ბოკერიას ქურდული სამყაროს წევრებთან მიმართვას და დახმარების თხოვნას ედავება. როგორც დაკავებული უფლებადამცველთან აცხადებს, სპეცოპერაციისას მისი მეგობარი დააკავეს, ის კი ამ პროცესში შემთხვევით მოხვდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება არის ერთი უბრალო მუშა, რომელიც ავტომანქანების დისპეტჩერად მუშაობს. მას ჰყავს ავადმყოფი შვილი, პენსიას იღებს ჩვეულებრივად. უნდა შევიდე, ვნახო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება, გავესაუბრო და ამის შემდეგ ნებართვას როგორც კი ავიღებ უკვე დეტალურად შემიძლია დაგელაპარაკოთ," – აცხადებს ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა.

ადვოკატების თქმით, მას შემდეგ, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალს წარუდგენენ და ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნობიან, ვრცელი კომენტარის გაკეთებას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.

"არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ დაკავებული თავს არ თვლის დამნაშავედ, ბრალს არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას, ამაზე მეტის თქმის შესაძლებლობა ფიზიკურად არ გამაჩნია. წაუყენებენ მას ოფიციალურად ბრალს, გადმომცემენ საქმის მასალებს, გავეცნობი მტკიცებულებებს და ვრცელი კომენტარის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ," - აცხადებს უფლებადამცველი მარიამ კანდელაკი.

დღის ამბები