18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
არ მინდა ისეთ გადაწყვეტილებაში მივიღო მონაწილეობა, რომელსაც ოცნება პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენებს - ლევან გოგიჩაიშვილი

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ არ სურს ისეთ გადაწყეტილებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი მიზნისთვის გამოიყენებს.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

"პოლიტიკური გადაწყვეტილების ელფერის მატარებელი არის. თქვენ იცით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბრის ბოლოს, უკვე დაგვიანონსეს, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ისეთ გადაწყვეტილებებში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც დაემხარება ჩვენ მოქალაქეებს. არ მინდა ისეთ გადაწყვეტილებაში მივიღო მონაწილეობა, რომელსაც ქართული ოცნება საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენებს.

რასაც ამ კანონპროექტით აპირებს ქართული ოცნება, ეს არის ყველას კონსტიტუციური ნორმის გათელვა," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს. ინიციატივის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. წინადადებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მათი შეფასებით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს.

ოპოზიცია შიშობს, რომ საარჩევნო წელს ეს კანონი ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, გარკვეული უფლებები თავის სასარგებლოდ შეზღუდოს.

დღის ამბები