პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ოპონენტების მხრიდან "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებათა პაკეტის კრიტიკისა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციისგან უკეთესი ვერსია ვერ მოისმინა. მისივე განცხადებით, ცვლილებების ავტორებმა გაითვალისწინეს სახალხო დამცველის ყველა პრინციპულად მნიშვნელოვანი შენიშვნა, რასაც, შესაძლოა, ორმაგი ინტერპრეტაცია მოჰყოლოდა.
"ვერცერთი ფორმულირება ვერ შემოგვთავაზეს, თუ როგორ შეიძლებოდა დახვეწილიყო ნორმა, ერთ ხელში ეკეთათ პირბადეები, მეორეთი გვაკრიტიკებდნენ.
ჩვენ სახალხო დამცველის რეკომენდაციით დეტალურად მივუთითეთ, რომ ეს უნდა იყოს ნაკლებშემზღუდავი ღონისძიება და მთავარია ის, რომ რის გამოც მოხდება უფლების შეზღუდვა, უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ, მაგალითად, საჭირო იყოს მიმოსვლის შეზღუდვა, იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე, ან, შეიძლება შეიზღუდოს სოციალური ღონისძიებები, მაგალითად, ქორწილის გადახდა.
ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ დისტანციურად სასამართლო პროცესები გამართულიყო მაქსიმალურად შეზღუდული ფორმით და ჩვენ ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ და მივუთითეთ, რომ მხოლოდ არასაპატიმრო ღონისძიებების შემთხვევაში, როდესაც პირს აქვს აღკვეთილი თავისუფლება ან როდესაც პირს შეფარდებული აქვს პატიმრობა, მხოლოდ ამ შემთხვევაშ მოხდეს დისტანციურად პროცესების წარმართვა,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტში თავიდანვე იყო ასახული მისი დროებითობა და მისი მეტად დაკონკრეტება სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად გადაწყვიტეს.
"ჩვენ ჩვენ გამოსვლებში და პროექტში ასახული გვქონდა, რომ ეს იყო და იქნებოდა დროებითი ღონისძიება, შესაბამისად, აქ იგულისხმებოდა, რომ აქ იყო გარკვეული ვადით, მინიმალური, თანაზომიერი ჩარევა ადამიანის გარკვეულ უფლებებში. თუმცა, ვინაიდან გაჩნდა შეკითხვები, რომ ხომ არ უკავშირდებოდა ეს გარკვეულ საკითხებს, ყოველგვარი სპეკულაციების ასარიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის, რაც ისედაც ეწერა, და პირდაპირ იყო დაფიქსირებული, რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება, ჩვენ გადავწყვიტეთ და ავსახეთ, მეორე მოსმენისას აისახება, რომ ეს ღონისძიებები მინიმალური, თანაზომიერი შეზღუდვები იფუნქციონირებს მხოლოდ 15 ივნისამდე,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.