26 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
"პროკურატურა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს" - ოპოზიცია 20 ივნისს დაზარალებულებისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ოპოზიციის წამომადგენლები მიიჩნევენ, რომ "ქართულ ოცნებას" 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არ აწყობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მურთაზ ზოდელავა მიიჩნევს, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს.

"ქართული ოცნების" პროკურატურა ცდილობს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად გამოიყვანოს "ქართული ოცნება" და არა ხალხი. თუ ამ ადამიანებს ცნობს დაზარალებულად, სხვა ადამიანებიც მოითხოვენ, ისინი, ვისაც ზიანი მიადგათ და შეიკვრება ისეთი სურათი, რაც რეალობასთან იქნება შესაბამისობაში, რომ "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ტყვია, გაზი, დაასახიჩრა ადამიანები და, ამ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" კი არ იქნება დაზარალებული, როგორც ამას პროკურატურა ცდილობს, არამედ ქართველი ხალხი, რაც იყო ობიექტურად. აქვთ პირდაპირი მითითება ივანიშვილისგან, რომელიც არის შემდეგნაირი: ვინმე მე შემერკინა, ჩემს დადგენილ უსამართლობას შეეწინააღმდეგა? ის თვითონ უნდა გახდეს ბრალდებული,"- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ პროკურატურა 20 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულად არ ცნობს, ხელისუფების უპასუხისმგებლობაზე მითითების.

"ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს მინიჭებული დაზარალებული სტატუსი და ვისაც მიენიჭა, ესეც საზოგადოების წნეხის ქვეშ მოხდა, აჩვენებს რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას 20 ივნისის მიმართ, თავისი დანაშაულისა და შეცდომების მიმართ და, ზოგადად, საზოგადოების მიმართ. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ პასუხი მოვთხოვოთ ხელისუფლებას,"-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილმა ამ თემაზე განმარტების გაკეთება არ ისურვა. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე განმარტებების გაკეთება კონკრეტული საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, რომ როკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, ძალის გამოყენებით დაშალა.

პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. 2-მა მოქალაქემ თვალი დაკარგა, დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

ამ ეტაპზე, ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე.

დღის ამბები