05 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 ბოლნისიდან - პაციენტები მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიან

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 576-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 158-ია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 8 ახალი შემთხვევიდან, 6 არის საკარანტინო სივრციდან, ხოლო 2 ბოლნისიდან. ყველა მათგანი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის. საავადმყოფოში, ასევე შევიდა ერთი საეჭვო შემთხვევა, რომელსაც სწრაფი ტესტით დადასტურება ჰქონდა და დღეს მასთან PCR კვლევა გაკეთდება.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის,  41 პაციენტია, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი 40 პაციენტს აქვს, 1 კი- საეჭვო შემთხვევაა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით მკვეთრი გაუმჯობესებაა.

"3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და საშუალოზე მძიმედ ფასდება, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და მცირე ნაწილი - მსუბუქი სიმძიმის,"- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით 8 ახალი შემთხვევიდან ხანდაზმული არც ერთი არაა, ერთი მათგანი 16 წლის მოზარდია.

დღის ამბები