25 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი ალექსანდრე მილორავას და "მე მიყვარს ბათუმის" წევრებს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი ტელევიზიასთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას და არასამთავრობო ორგანიზაციის  "მე მიყვარს ბათუმი" წევრებს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. კადრების განყოფილების ხელმძღვანელის, ემზარ პაქსაძის განცხადებით, ტელევიზიასთან მიმდინარე პროცესი "ევროპული საქართველოს" მიერ მართულია. მისი თქმით, მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა და აქციის სხვა მონაწილეები იყვნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის შემომწირველები. 

ემზარ პაქსაძის განცხადებით, ტელევიზიაში უკვე მიიღეს საერთაშორისო აუდიტის დასკვნა, რომელსაც მალე გაასაჯაროვებენ. პაქსაძის თქმით, ყოფილი მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს ყალბი ცნობების გაცემას და სხვა სახის დარღვევებს.

მაუწყებლის მენეჯმენტის განცხადებას პოლიტიზებული უწოდა ალექსანდრე მილორავამ. ის არ უარყოფს, რომ იყო "ევროპული საქართველოს" წევრი. ამბობს, რომ მაშინ მათი შეხედულებები ემთხვეოდა, თუმცა ის ბოლო სამი წელია აღარ არის პარტიის წევრი და არც ერთ პოლიტიკურ გუნდთან არ აქვს შემხებლობა.

შეგახსენებთ, ორგანიზაციის  "მე მიყვარს ბათუმი" აქტივისტი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მერვე დღეა შიმშილობს.

დღის ამბები