05 მაისი 2024,   19:38
ვრცლად
სპეცოპერაცია ვარკეთილში - ვინ არის მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა და სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა

სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ცნობილია, რომ სანადირო თოფი ივანოვის კუთვნილებაა და მასზეა რეგისტრირებული. ჩაბარებამდე მამაკაცმა დედას დაურეკა. შვილთან საუბრის დეტალებზე ლალი ივანოვამ "კურიერთან" ისაუბრა.

ნასვამი და შეიარაღებული მამაკაცის ასაყვანად, ვარკეთილში პოლიციასთან ერთად სპეცდანიშნულების რაზმიც მობილიზებული იყო, ადგილზე მიიყვანეს მძიმე ტექნიკაც. სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბოცვაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ.

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკრორაიონში მდებარე ოთხსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია პირველი საათიდან მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც ალექსანდრე ივანოვმა საკუთარ ბინაში რამდენჯერმე გაისროლა, მათ შორის შვილების მისამართით.

ბინაში, სადაც შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა, მისი შვილებიც იყვნენ. სროლისას არავინ დაშავებულა და შვილებმა ბინის დატოვება შეძლეს. ისინი სამართალდამცველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მიმდებარე კორპუსის მეზობლების თქმით, ოჯახის შესახებ ბევრი არაფერი იციან, თუმცა ივანოვი რომ მონადირეა - ეს გაუგიათ.

უფრო მეტი, ალექსანდრე ივანოვის ოჯახური კონფლიქტების შესახებ იციან კახეთშიც, სადაც ალექსანდრე ივანოვის ნათესავები ცხოვრობენ. მამაკაცის მეუღლის და ადასტურებს, რომ ალკოჰოლის მიღებისას ის აგრესიული ხდება. ოჯახში მდგომარეობა განსაკუთრებით კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინისას დამძიმდა.

შემთხვევა, რომელზეც ალექსანდრე ივანოვის ნათესავი საუბრობს - 2018 წელს მოხდა. მამაკაცს მეუღლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მაშინ ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ამ დროისათვის 45 წლის ბრალდებული თბილისის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.

დღის ამბები