თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ ცენტრებში 119 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
მისი ინფორმაციით, 8 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია, რომლებიც ერთი კლინიკიდან არიან.
"დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 3 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი ინფიცირებულების 84%-ია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 119 ინფიცირებული მკურნალობს. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ბოლნისის კონტაქტია, ორი მარნეულის კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო რვიდან სამი სამედიცინო პერსონალია, სამივე როგორც ვიცი ერთი კლინიკის წარმომადგენელია.
ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან მკურნალობს დადასტურებულ შემთხვევებს.
ჩვენი ქვეყნის დაავადებათა კონტროლი არის განსაკუთრებული და ეს ყველაფერი განსაკუთრებული მუშაობის შედეგია. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრს 40 დადასტურებული შემთხვევა ჰყავს. ერთი გვყავს მძიმე პნევმონიით, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გამავრცელებელია ყველა პაციენტი, უსიმპტომო პაციენტიც და მინიმალური სიმპტომის მატარებელიც. უბრალოდ განსხვავებულია გადადების სიმძლავრე და ინფიცირების ხარისხი,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.