ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს პირველად და საჯაროდ მიმართავს, გამოქვეყნდეს ის ვიდეომასალა, რომელშიც ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ჩანს, როგორ ძალადობს საქართველოს პირველი ჩოგანი საკუთარ მეუღლეზე. ბრალდებულის ოჯახი თითქმის დარწმუნებულია, რომ კადრები, რომელზეც დაზარალებული მხარე უკვე დიდი ხანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.
ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა სამართლებრივი მსვლელობა საქმეს 21 მაისის შემდეგ მიეცა, როდესაც ნელი დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში დაადანაშაულა და მას პოლიციაში უჩივლა. ბრალდებული ბასილაშვილის ოჯახის წევრების მტკიცებით, ყოფილი რძალი მათ კერძო საკუთრებაში უნებართვოდ შევიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე მას სცემეს. ამავე დროს განყოფილებაში რეგისტრირდება კიდევ ერთი განცხადება, რომლის ავტორიც ამჯერად უკვე ცნობილი სპორტსმენია. მან ყოფილ მეუღლეს კერძო საკუთრებაში კანონდარღვევით შესვლის გამო უჩივლა.
განსხვავებულ ვერსიას ყვება დაზარალებული დოროყაშვილის მხარე. ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოკადრებზე, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, არ ჩანს უშუალოდ დანაშაული, თუმცა მისივე მტკიცებით, ფირზე იკითხება ყველაფერი, რის გამოც ბასილაშვილების ყოფილი რძლის ჩვენების საფუძველზე საქმე აღიძრა.
საქმის მასალების მიხედვით, ბასილაშვილები ამტკიცებენ, რომ ქართველი ჩოგბურთელის წინააღმდეგ პირდაპირი მოწმეები თითქმის არ არსებობენ. ნიკოლოზ ბასილაშვილს არაერთგზის დანაშაულში მხოლოდ ყოფილი მეუღლე ამხელს, რომელმაც დაცვის მხარის თქმით ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალა.
"კურიერთან" საუბრის დროს საქართველოს პირველ ჩოგნად აღიარებული სპორტსმენის ძმა ოჯახში მომხდარ დაპირისპირებებს იხსენებს.
სისხლის სამართლის დანაშაულის ძირითადი ეპიზოდის გარდა, მხარეებს აქვთ სამოქალაქო დავაც. საქმე ეხება ბასილაშვილების ოჯახის წევრებზე გაწერილ შემაკავებელ 6 ორდერს. რამდენიმე თვის წინ ნელი დოროყაშვილმა იჩივლა, რომ გარდა მეუღლისა, სავარაუდო მოძალადეები არიან ჩოგბურთელის მშობლებიც, რომლებმაც, მისი თქმით, არც საკუთარი შვილიშვილი დაინდეს.
ოჯახური ძალადობის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო მსჯელობას 16 ივლისიდან დაიწყებს. იქამდე კი მხარეები ვალდებულები არიან, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მყარი მტკიცებულებები მოიპოვონ.