23 დეკემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება და იქამდე რურუას გათავისუფლება, თუ რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი - გიგა ბოკერია

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ თუკი პირობა შესრულდება და გიორგი რურუა გათავისუფლდება, მესამე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

"შეუძლებელია საარჩევნო პროცესში, თუნდაც ამ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მონაწილეობა სამართლიანად მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური პატიმარი. იმედს ვიქონიებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, შეაფასებს იმ როლს და წონას, რასაც კონსტიტუციის კონსესუსით მიღება ჰქვია. ხვალ გიორგი რურუას სასამართლო პროცესია, რამდენიმე დღე დარჩენილია მესამე მოსმენით კენჭისყრამდე და იმედს ვიქონიებთ, რომ შეთანხმება იქნება შესრულებული სრულად,“ - აცხადებს რომან გოცირიძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს ივანიშვილი გადაიხდის. 

"ძალიან კარგი ამბავი მოხდა, ეს აჩვენებს საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების და საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის, ჩვენი ხალხის მიმართ ძალას, როცა ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც არ უნდა და არ უნდოდა. ამიტომ, ეს ძალიან კარგია. ახლა ამას უნდა მოყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. რომელიმე კომპონენტს თუ არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი, ჩიხშია ის მომწყვდეული, მათ შორის "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებამ პირველ მოსმენაზე შესვლის შესახებ კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები