23 დეკემბერი 2024,   21:08
ვრცლად
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა- 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება

ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. "კურიერი" სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა.

მისი ადვოკატის მტკიცებით, თბილისისკენ მიმავალ გზაზე გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს შეხვდა, მათთან ერთად იმყოფებოდა საქმის კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი ფოტოგრაფიც, რომელიც წვეულებისთვის იუბილარმა დაიქირავა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ვახო ახვლედიანს ცხვირი გატეხილი აქვს და ნაცემია.

მზია ქასრაშვილის მტკიცებით, საბედისწერო ღამეს, მათ წინ ორი ავტომობილი გაჩერდა. შავი ფერის "ტოიტა" და ვერცხლისფერი "მერსედესი". ადვოკატის თქმით, "მერსედესის" მარკის ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა და ახვლედიანს რკინის ხელკეტით გაუსწორდნენ.

ვახო ახვლედიანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მერსედესის მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა. მათი ადვოკატი მთელი კვირაა ამტკიცებს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ და ჭკვიანმა კამერებმა დროის იმ მონაკვეთში დააფიქსირეს რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

დღეს კი აღიარა, რომ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის წერტილთან ახლოს გაჩერებულები იყვნენ, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილეობა სასტიკად უარყო. ადვოკატი არ ადასტურებს რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რკინის ხელკეტი მათი ავტომობილიდან ამოიღეს. მისივე განცხადებით, ორივე მანქანა მტკიცებულების სახით ამოღებულია, ერთ-ერთზე კი დნმ-ის დასადგენად ანაბეჭდებია აღებული.

"მერსედესის" მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ მორაგბეს, რომლებიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს გადაადგილდებოდა. ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. დღეს მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, როდის და რატომ მოხდა ავტომობილის დაზიანება.

"კურიერს" სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის "ტოიოტაში", ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარაკვევში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.

დღეს "კურიერმა" კიდევ ერთი დეტალი გაარკვია. ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან, გურამ ამირხანაშვილთნ და სავარაუდოდ, რკინის ხელკეტით ნაცემ ვახო ახვლედიანთან ერთად იმყოფებოდა, ფარდულში იმალებოდა.

შესაძლოა, მან კარგად იცოდეს, რა მოხდა ბურუსით მოცულ საბედისწერო ღამეს, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი დუმილს ამჯობინებს. "კურიერის" ინფორმაციით ის თბილისში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამოიყვანა.

დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა საქმის ოქროს მოწმეს გურამ ამირხანაშვილს, რომელიც საექსპერტო ბიუროში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

ექსპერტიზაზე საქმის სხვა ფიგურანტებიც იყვენენ, რომელთა ნაწილი გიორგი შაქარაშვილს წვეულებაზე პირველად შეხვდა. ახალგაზრდების ნაწილს მძიმე დაზიანებები ჰქონდათ, ნაწილს კი არაფერი აღენიშნებოდა. სავარაუდოა, რომ მათი შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათმა უმრავლესობამ სრული ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა. ისევ არაფერს ამბობს ტელეკამერებთან გურამ ამირხანაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. ოფიციალური ინფორმაციით ამ დრომდე არცერთი მოწმის ჩვენებით არ ვლინდება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გიორგი შაქარაშვილი მონაწილებდა. ბოლო 6 დღეში 50 - ზე მეტი პირია გამოკითხული და 10-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული.

დღეს დილიდან მცხეთის პოლიციაში წვეულების სტუმრების გამოკითხვა განახლდა, მათ შორის იყვენენ არასრულწლოვანებიც.

დღის ამბები