23 დეკემბერი 2024,   19:17
ვრცლად
შაქარაშვილის სურათი, რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო... - რას ყვება დაკავებული არასრულწლოვნის მამა საქმეში მისი შვილის ეპიზოდზე

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 3 არასრულწლოვანია.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა "კურიერს" ესაუბრა. თამაზ ხამასურიძე მომხდართან დაკავშირებით საკუთარი შვილის ვერსიას დეტალურად აღწერს.

"დაიწყო ნაქირავებ აგარაკზე საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის, სადაც ვახო ჩიქოვანი შევიდა გასაშველებლად და თავში ბლაგვი საგანი მოხვდა, გაუტყდა თავი. ჩემი ბიჭი იყო შიგნით ბარში, როდესაც ყველა გარეთ გავიდა ჩხუბზე, ჩემმა შვილმა მეც გავყევიო, ჰაერზე რომ გამოვედი, რაღაცამ იმოქმედა და ცუდად გავხდი, იქვე გვერდზე ხეს მივეყუდეო. 5-10 წუთში მორჩა ეს ყველაფერი, ჩემი ძმაკაცი ვახო ჩიქოვანი მოვიდა, ამაყენა და ჩამსვა მანქანაშიო. რომ მოვდიოდით ავტობანზე, მე ძილბურანში ვიყავი, უცებ მანქანა გაჩერდა, ყველა გადახტნენ მანქანიდან, გარბოდნენ, მეც გავეკიდე, ავარია მეგონაო. დავეწიე და ვეკითხები რა ხდებაო, გადავირბინეთ შუა გაზონი და იქ, რომ მივირბინეთ ბიჭები აღარ იყვნენ დაიმალნენო, ანუ რომ დაინახეს, რომ მივრბოდით, დაიმალნენო.

ვსო... მე იქ გავჩერდი, მოვიდნენ ბიჭები, მითხრეს, წადი შენ მანქანა მოიყვანე და ჩვენ ამათ ვნახავთ აქ, თუ არიანო. წავედი, მანქანა მოვიყვანე და ამ დროს უკვე ის ბიჭი (გურამ ამირხანაშვილი) ჰყავთ ერთ-ერთი ნაპოვნი, ბუჩქებიდან ამიყვანესო. ამოდი, ნუ გეშინია, არაფერს არ დაგიშავებთ კარგი ხალხი ვართო. ჩავისვით მანქანაში და ვუთხარით, რომ თუ გინდა აქ დარჩი, მოძებნე შენი მეგობარი და ერთად წაგიყვანთ, თუ გინდა ჩვენ მოგეხმარებით მოძებნაშიო. შეშინებული იყო ეს ბიჭი და უთქვამს, არა, წამიყვანეთ, ჩემი ძმაკაცი თვითონ მიხედავს თავის თავსო. გვითხრა დიდუბეში დამტოვეთო...

გიორგი შაქარაშვილი ჩემს ბიჭს არ უნახავს, პირველად ნახა ამ ბიჭის სურათი და აუტყდა ტირილი, როგორ მოკვდა ჩვენს გამო ეს ბიჭიო," - განაცხადა დაკავებული არასრულწლოვნის მამამ თამაზ ხამასურიძემ "კურიერთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დღის ამბები