19 მაისი 2024,   02:45
ვრცლად
საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე არასამთავრობოები რისკებს აფასებენ და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები რისკებს აფასებენ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, როგორი შეიძლება იყოს საარჩევნო გარემო.

20 ივნისის აქციის დარბევა, მთლიანად პროპორციულ მოდელზე გადასვლისთვის მომზადებული კანონპროექტის ჩაგდება და სასამართლო სისტემის გამოყენება, როგორც პოლიტიკურ იარაღად - ამ გარემოებების შეფასებით, მესამე სექტორი შიშობს, რომ შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი დარღვევები.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია მშვიდი საარჩევნო გარემოსთვის, თუმცა არსებობს პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ.

რეკომენდაციები, რომლებსაც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ხელისუფლებისთვის გასცემს პირველ რიგში ეხება საარჩევნო კოდექსს და ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა მალე მოხდეს. გარდა ამისა რეკომენდაციები ასევე ცენტრალური საარჩევნო უბნისთვისაც არის გაცემული. ორგანიზაცია ცესკო-ს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარება.

"გარემოს დაძაბვა დაიწყო გასული წლის იანვრიდან, როდესაც საქმე ეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს და განსაკუთრებით გამძაფრდა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით და ერთგვარ კულმინაციას მიაღწია უკვე ნოემბერში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო სრულად პროპორციული სისტემის მიღება.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის შეთანხმება და ის ცვლილებები, რაც საქართველოს კონსტიტუციაში აისახა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, ნამდვილად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არის.

პრობლემა იყო ასევე რამდენიმე საქმე, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენდა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ნიშნით გამოყენების თვალსაზრისით. პრობლემა იყო ასევე მედია გარემო, აქაც იყო კითხვის ნიშნები, რომ ამ საქმეების წარმოება ხდებოდა ამ კონკრეტული არხების დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელიც მიმართული იყო სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები