28 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
"მესმოდა სირბილის ხმა და ძახილი - "სად ხართ?, გიორგი შაქარაშვილი ჩემთან 5 ნაბიჯით წინ იყო" - ვახტანგ ახვლედიანის შეცვლილი ჩვენება

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ისევ ექსპერტიზის დასკვნას ელოდება - 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვიდან 19 დღის შემდეგაც მისი გარდაცვალების მიზეზები ისევ ბუნდოვანია.

პარალელურად ჩვენებებს ცვლიან საქმის მთავარი მოწმეები. გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა, ვახტანგ ახვლედიანმა პირველი ჩვენებიდან ერთ კვირში გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა. ახვლედიანი პირველი ჩვენებისგან განსხვავებით ამჯერად ამბობს, რომ ესმოდა შეძახილების ხმები მაშინ, როდესაც იმალებოდა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენებში ახვლედიანი წერს, რომ არ დაუნახავს რა მიმართულებით გადაადგილდებოდა გიორგი შაქარაშვილი, ასევე გაეკიდნენ, თუ არა მას კონკრეტული პირები. ასევე, კითხვაზე - ემუქრებოდნენ, თუ არა ავტომობილის მგზავრები სიცოცხლის მოსპობით, ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტებით არ ემუქრებოდნენ.

ასევე, ახალი ჩვენების მიხედვით, შეცვლილია დროებიც. მანამდე ვახტანგ ახვლედიანი ამბობდა, რომ 10 წუთის განმავლობაში ესმოდა გინებისა და შეძახილების ხმები იმ დროს, როდესაც იმალებოდა, თუმცა ამჯერად ის წერს, რომ მხოლოდ სამი წუთის განმავლობაში ესმოდა შეძახილების ხმა, თუმცა გინების შესახებ არაფერს წერს. გარდა ამისა, ამბობს, რომ არა 45 წუთში, არამედ 20 წუთში მან ტერიტორია დატოვა. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, რომლის მიხედვითაც, ჩვენებაში ის დაკარგულ პერანგთან დაკავშირებით არაფერს არ ამბობს. თუმცა "კურიერმა“ მიაკვლია ფოტო მასალას, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მან გამომძიებლებს ის ნაგვის ურნა აჩვენა, სადაც მისი კუთვნილი დაზიანებული პერანგი გადააგდო.

"სირბილით ჩავირბინე და იქვე დავიმალე ეკალ-ბარდებში... აღწერილ სიტუაციაში უკან არ მომიხედავს ამიტომ არ დამინახავს ხიდიდან ჩამოხვევის შემდგომ დამალვამდე მომყვებოდა, თუ არა ვინმე, მაგრამ დამალვის შემდგომ ხსენებულ ვიწრო საავტომობილო გზის მხრიდან რომელიც აღმოჩნდა ჩემს წინ მესმოდა სირბილის ნაბიჯების ხმა, ასევე ძახილი - "სად ხართ?"- რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილს, როგორც აღვნიშნე, იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდა ხიდის მოაჯირი იგი იყო ჩემთან დაახლოებით 5 ნაბიჯით წინ, მაგრამ იმის გამო, რომ მე მყისიერად ჩავუხვიე ხელმარჯვნივ, ციცაბოზე და შემდგომ გავაგრძელე სირბილი ხიდის ქვეშ გამავალი საავტომობილო გზის მიმართულებით, დამალვამდე ჩამოხვევის შემდგომ ვერ დავინახე გიორგი შაქარაშვილის გადაადგილების ტრაექტორია...“ - წერს ჩვენებაში ვახო ახვლედიანი.  

დღის ამბები