19 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
საქმე 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება, აქ მაინც დავანებოთ პოლიტიკურ ინსინუაციებს თავი - მამუკა მდინარაძე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო ორგანოების მიმართ კრიტიკას, მმართველ გუნდში უპასუხეს.

როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, სწორედ სამართალდამცავი ორგანოები არიან მოტივირებული, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგეს და მართლმსაჯულების წინაშე დადგნენ პირები, რომლებმაც ამ ინციდენტში მიიღეს მონაწილეობა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ამ ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობენ:

"ერთი მხრივ, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი რეალურად არ გვაქვს და მეორე მხარეს მოგონილი ამბებით დაბომბვა ხდება პროკურატურის და შს სამინისტროსი. შეუძლებელია ამ ფონზე ადამიანმა რაღაც დასკვნა გააკეთოს. ამიტომ მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ხომ არის რაღაცა საკითხები, 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება, აქ მაინც დავანებოთ პოლიტიკურ ინსინუაციებს თავი, მართლა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და ვთქვათ, რომ ამაზე სპეკულირება არ შეიძლება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მისთვის უმთავრესია, რომ ოჯახს არ დარჩეს შეკითხვებზე პასუხი გაუცემელი. ამასთან ანრი ოხანაშვილი ამბობს რომ საქმეზე არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება, რაც ოჯახს დამატებით ტკივილს აყენებს:

"ჩვენ ვადევნებთ თვალყურს სამწუხარო ინტერპრეტაციებს, ბინძურ განმარტებებს. როცა არ იცი საქმის დეტალები არ შეიძლება ისაუბრო ისე რომ ჯერ დამატებითი ტკივილი მიაყენო ოჯახს და საზოგადოება შეიყვანო შეცდომაში,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები