14 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შემდეგ, ათასობით ადგილობრივმა მის წინ საღამოს ლოცვა აღავლინა​

თურქეთის მთავარი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც აია სოფიას მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აია-სოფიასთან შეიკრიბა და საღამოს ლოცვა აღავლინა.

თურქული მედიის ინფორმაცით, მოედანზე ათასამდე ადამიანი, ასევე სხვადასხვა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკვე დაგმეს რიგმა ქვეყნებმა. საბერძნეთი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის საგარეო ურთიერთობებზე აისახება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ისინი მიღებული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არიან.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.​

თურქეთში ბევრს მიაჩნია, რომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი ქვეყნის სეკულარული კონსტიტუციის სიმბოლო იყო.

აია-სოფია წარმოადგენს ბიზანტიური "ოქროს საუკუნის" სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო  უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. 1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთდა მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

1934 წელს აია-სოფია მუზეუმად თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით გადაკეთდა. მისი თქმით, აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა ყოფილიყო. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად "მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

დღის ამბები