19 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბურუსით მოცული საქმე - შესაძლოა ადვოკატმა დამატებითი ექსპერტიზა მოითხოვოს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "კურიერისთვის" ცნობილი ახალი დეტალები ხდება. მეჩვიდმეტე ტომში 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ დამატებითი ჩვენებები და მტკიცებულებები დევს, მათ შორის ის სატელეფონო საუბრები, რომელიც დაკავებულებს შორის საბედისწერო ღამეს შედგა.

ირკვევა, რომ "ტოიოტა ქამრისა" და "მერსედესის" ფირმის ავტომობილების მგზავრები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ, ამის დასტურია ის ზარი, რომელიც ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკა ჟვანიას შორის შედგა.

ჟვანია "მერსედესში" ზის და ისინი ერთმანეთს 19 ივნისის ღამის 1 საათსა და 49 წუთზე ესაუბრებიან, კომუნიკაცია კი სულ რაღაც 59 წამი გრძელდება. გარდა ჟვანიასი, საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ჩიქოვანი "მერსედესში" მყოფ კიდევ ერთ მგზავრს - არასრულწლოვანს უკავშირდება. რა შინაარსის საუბარი შედგა მათ შორის უცნობია. ამაზე ჩიქოვანისა და ჟვანიას ადვოკატი არ საუბრობს. ამბობს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს.

ახალმა გარემოებებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა - სად იყვნენ "მერსედესის" მგზავრები? იყვნენ თუ არა ისინი ხიდის ქვეშ მაშინ, როდესაც ოფიციალური ინფორმაციით, პირველი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მათ ტერიტორია დატოვეს და 2 მგზავრი აგარაკზე მიიყვანეს. დაკავებულების ადვოკატებმა იციან, თუ სად იყვნენ "მერსედესში" მყოფი პირები და სად გადაადგილდებოდნენ ისინი, თუმცა ამაზე საუბარი არ სურთ და უარყოფენ იმ ფაქტის შესაძლებლობას, რომ "მერსედესში" მყოფი პირები ხიდის ქვეშ ყოფილიყვნენ.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ "მერსედესის" ავტომანქანის მგზავრებიც ხიდის ქვეშ იმყოფებოდნენ, გარდაცვლილის ოჯახის პოზიცია მათ დასჯასთან მიმართებით პრინციპული იქნება. როგორც მირიან ნიკოლაძე ამბობს, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, განიხილება აღნიშნული ვერსიაც.

შაქარაშვილის ოჯახი თვლის, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის პასუხი ნაძალადეველების იმ 6-ეულმა უნდა აგოს, რომელიც არაგვის ხიდთან ჩხუბში "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილით, "მერსედესის" შემდეგ მივიდა. ოჯახი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება გახდეს საჭირო.

საქმის ახალ მასალებში იმ ტაქსის მძღოლის ჩვენებაც დევს, რომელმაც გურამ ამირხანაშვილი - საქმის მთავარი მოწმე დიდუბიდან ვაზისუბანში დატოვა. ჩვენებით ირკვევა, რომ ამირხანაშვილი ახალაშენებულ კორპუსთან ჩამოვიდა და სადარბაზოში შევიდა, თუმცა ამასთან ცნობილია, რომ ის ვაზისუბანში, ახალაშენებულ კორპუსში არ ცხოვრობს. საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ ამირხანაშვილმა მგზავრობისას რამდენჯერმე დარეკა და გარდაცვლილი ფეხბურთელი ერთხელ ახსენა.

მეჩვიდმეტე ტომში დევს გურამ ამირხანაშვილის სატელეფონო ზარიც, ის დაახლოებით პირველ საათზე საბა ჩხარტიშვილს ურეკავს, საინტერესო კი ამ დეტალში ის არის, რომ ამირხანაშვილს დაპირისპირებისას ტელეფონი თან არ ჰქონდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი უკვე დაკავებულია, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რა მოხდა საბედისწერო ღამეს არაგვის ხიდის მიმდებარედ - ამ საკითხზე ჩხუბში მონაწილეები, მათ შორის შაქარაშვილის მეგობრები, ამ დრომდე არ საუბრობენ.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები