18 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატან ცვლილებებს დარგობრივი კომიტეტი ხმაურიანი განხილვის შემდეგ დღეს კვლავ დაუბრუნდება

ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატან ცვლილებებს დარგობრივი კომიტეტი დღეს კვლავ დაუბრუნდება. საკითხზე მსჯელობა წინა კვირას 5 საათის განმავლობაში, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები დაუპირისპირებდნენ. უკმაყოფილება გამოთქვა კომიტეტის თავმჯდომარემაც და კახა ბექაურს დამატებითი კონსულტაციებისკენ მოუწოდა. ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის.

ოთარ კახიძის თქმით, აღნიშნული პროექტი იმის თავხედური მცდელობაა, რომ ხელისუფლებამ ელექტრონული კომუნიკაციების პროვაიდერებზე და კომპანიებზე სრული კონტროლი დაამყაროს.

"ეს კანონი არის თავხედური მცდელობა, რომ ხელისუფლებამ დაამყაროს სრული კონტროლი ელექტრონული კომუნიკაციების პროვაიდერებზე, კომპანიებზე. ამით აკონტროლოს ინტერნეტი, ამით ხელყოს საკუთრების უფლება. თუ ამ თავხედურ ნაბიჯს მაინც გადადგამენ, პირველი შეკრებისთანავე ახალი პარლამენტი გააუქმებს ამ და სხვა მავნებლურ კანონებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, კანონის გაუმჯობესება არ არის შესაძლებელი და ის უნდა გაიწვიონ.

"ეს კანონი უნდა იქნას გაწვეული და ამისი არავითარი გაუმჯობესება არ არის შესაძლებელი. ახლა გვეუბნებიან, რომ რაღაცეები შეიცვლება და ბიზნესთან მოვაგვარებთ ურთიერთობას დ ა.შ., მაგრამ როცა სასწრაფო წესით ხდება ბოლო დღეს მისი გათრევა, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცის ინტერესებში ესეც იქნება გამოყენებული ცუდად, მათ შორის მაუწყებლებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს კანონი არის მრავლის მომცველი და ის არის გადაბმული ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონთან," – აცხადებს რომან გოცირიძე.

თავად კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით კი, კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე დაუახლოვებელი პოზიციები იქნება, ეს იქნება მხოლოდ გარკვეული ტიპის პრინციპების შეუთანხმებლობა.

"საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეხება ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოებას და ამასთან მიმართებაში მარეგულირებლის ფუნქციების სრულყოფას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ გარკვეულწილად არ დაზარალდეს ინტერესები, რომელიც ამ სფეროსთან დაკავშირებულ ბიზნესოპერატორებს გააჩნიათ. თუ იქნება რაიმე დაუახლოვებელი პოზიციები, ეს უკვე აღარ იქნება კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალი და ეს იქნება მხოლოდ გარკვეული ტიპის პრინციპების შეუთანხმებლობა," - აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

დღის ამბები