19 მაისი 2024,   00:52
ვრცლად
"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში ცვლილებები იქნება რეგულირების ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლის ინტერესებს დაიცავს - დავით ნარმანია

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.

დავით ნარმანიას თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში რამდენიმე გარიგება განხორციელდა, რამაც აღნიშნულ სისტემაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

"მაგალითად მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა. ყველა ისეთ ოპერაციაზე, რაც შეიძლება არასასურველი იყოს, რამაც შესაძლოა ქვეყნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, კანონში ცვლილება იქნება ბერკეტი, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს, რადგან ელექტროენერგია, გაზმომარაგება არის სექტორი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა," - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაძლოა უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს 5 პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

დღის ამბები