27 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ზაზა გახელაძეს არ შეიძლება სცოდნოდა, იმყოფებოდა თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გიორგი საბედაშვილი

სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ზაზა გახელაძის დაკავების გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილი, სადაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა, სუსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ზაზა გახელაძეს არ ექნებოდა:

"უკანასკნელი ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ინფორმაციით, გახელაძე მსუბუქადაა დაჭრილი ფეხში. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზის მეშვეობით განაცხადეს, რომ ზაზა გახელაძემ განახორციელა სროლა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების, ე.წ. მესაზღვრეების მიმართულებით. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შესაძლებლობა არ არსებობს, შესაბამისად, ეს არის ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულია ცხელი ხაზით.

უკანონო დაკავებების ადგილთან დაკავშირებით დისკუსია, შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით, ლეგიტიმაციას ანიჭებდეს საოკუპაციო რეჟიმის ნარატივს ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, რაც არის ილუზია, არ არსებობს არავითარი საზღვარი და ყველა მონაკვეთი, სადაც ინციდენტი ხდება, პირობითია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონო დაკავებისა და სროლის ფაქტი, მიუხედავად იმისა, მოხდა ის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თანაბარი სიმძიმისაა და თანაბარი დანაშაულია, თუმცა ამავდროულად, ცალსახად მინდა დაგიდასტუროთ, რომ აღნიშნული ინციდენტის ადგილი ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა ზაზა გახელაძეს, წარმოუდგენელია, რომ სცოდნოდა. ინციდენტი ციხიდან დაახლოებით 2 კმ-ს დაშორებით მოხდა, ზაზა გახელაძეს არ შეიძლება სცოდნოდა, იმყოფებოდა თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ის ფაქტი, რომ ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, ან უკანონო ბორდერიზაციის მიზნით აღმართული წინაღობები, ამ მონაკვეთზე არ არის აღმართული, არ ნიშნავს იმას, რომ საოკუპაციო რეჟიმმა, შესაძლოა, არ განახორციელოს ადგილზე უკანონო დაკავება,"- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სახით დაკავება არ ნიშნავს იმას, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ შეცვლილია მიდგომები უკანონო დაკავების პროცესთან დაკავშირებით:

"მე იმედს ვიტოვებ და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ ერთი მძიმე ფაქტით არ შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ზოგადად, საოკუპაციო რეჟიმის მიერ შეცვლილია მიდგომები უკანონო დაკავების პროცესთან დაკავშირებით და მომავალშიც აქტიურად გამოიყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მსგავსი მიდგომები მომავალშიც გამოიკვეთება, რისი წინაპირობაც ამ შემთხვევის გარდა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მყისიერი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით," - აღნიშნა საბედაშვილმა.

საბედაშვილმა ერგნეთში IPRM-ის შეხვედრის სასწრაფო ჩანიშვნის მოთხოვნაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური ძვრები არსებობს.

საბედაშვილის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საოკუპაციო ზოლი 350 კმ-ზე მეტია და ამ პერიმეტრზე უსაფრთხოების რეჟიმების გაძლიერება ან შესუსტება, კომპლექსური  სამუშაოა.  საბედაშვილის თქმით, იქ, სადაც საჭიროა,  ხდება პატრულირების გაძლიერება, ან მუდმივმოქმედი პოლიციის საგუშაგო.

 

დღის ამბები