27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
დაჭრა ახმეტაში - ზურაბ ზვიადაურის მამის ვერსიით, მომხდარი შესაძლოა გიორგი ქისტაურთან წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს

ახმეტაში მდებარე ღია ტიპის რესტორანი "წყაროები" ის ადგილია, სადაც გუშინ საღამოს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიების შემდეგ თანმხლებ პირებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე გადაინაცვლა. სწორედ იქ მოხდა სისხლიანი გარჩევა, რომლის შედეგად ზურაბ ზვიადაური მეგობარ ვანო დავითაშვილთან ერთად ცივი იარაღით, გულმკერდის არეში დაჭრეს.

თამარის ქუჩა ნომერ სამში, იქ, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა დანაშაულის მოტივის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ზვიადაურის მამის ვერსიით, დაპირისპირება ზვიადაურების ოჯახსა და გიორგი ქისტაურს შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მოხდა. 2013 წლის 1 იანვარს ქისტაურმა ზვიადაურების საცხოვრებელ სახლს ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა. ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ის დააკავეს კიდეც. სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა დღეს მამუკა ზვიადაურმა. 

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაპირისპირებაში მონაწილე მეორე მხარე გიორგი ქისტაური იყო, ქისტაურის დაც ადასტურებს და ძალადობაში თავად ზურაბ ზვიადაურს ადანაშაულებს. როგორც ხათუნა ქისტაური ამბობს, წლების განმავლობაში ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი კონფლიქტის გამოწვევას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა შემთხვევის შემდეგ არავინ დაუკავებიათ.

ავტორი: მირიან გორგოძე

 

დღის ამბები