20 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე  

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 24 საათიანი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. მისი ცხედარი აქტიური სამძებრო სამუშაოებიდან მე-5 დღეს 16 წლის მწყემსმა მთავარი გზიდან 100 მეტრში, მინდორში,ჰიუნდაის მარკის ავტომობილში იპოვა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე იწვა. მობილური ტელეფონი და გარკვეული მედიკამენტები ჩანთაში წინა სავარძელზე იდო, ჩანთაში ასევე ნაპოვნია საფულე წერილებით, რომელსაც ადრესატი არ ჰყავს და სადაც გარკვეულ ანაბარზეა საუბარი.

მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა - ოჯახი და ახლობლები სუიციდის ფაქტს მტკიცედ გამორიცხავენ, სწორედ ამიტომ ახლა ბევრი კითხვა ვერსია და ვარაუდი აქვთ. ფიქრობენ, რომ 23 წლის პროგრამისტმა საქმიანობიდან გამომდინარე ისეთი რამ გაიგო, რაც მას არ უნდა სცოდნოდა, ამის შემდეგ კი გოგონას შანტაჟიც დაიწყო.

გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არავის იცნობდა და იქ წესით არ უნდა მისულიყო, ოჯახს კითხვები მანქანის ეპიზოდზეც აქვს. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები გოგონას აერო გადაღებით იგივე დრონებით 4 დღე ეძებდნენ, როგორ ვერ შეძლეს ავტომობილის ნახვა 16 წლის მწყემსზე ადრე. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე ოჯახსა და ახლობლებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ან საგამოძიებო უწყება საქმეს გულგრილად მიუდგა ან მანქანა ტყეში 4 დღის მერე ვიღაცამ მიიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა ყველა ვერსიაზე მუშაობს. კითხვები არსებობს ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომელიც დღეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ადვოკატმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროეს. მათი განცხადებით, პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ გარდაცვალების ხანდაზმულობის ვადა 3-5 დღემდეა. 

ექსპერტიზის დასკვნაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ისაუბრეს, ჭელიძის განცხადებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გაუჩინარების დღეს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილითეთრიწყაროსკენ მიმავალ გზაზე აფთიაქში სამჯერ შევიდა და პრეპარატები იყიდა, ეს კამერებმაც დააფიქსირეს. ოჯახი ამბობს, რომ გოგონა ბოლო დროს წნევის წამლებს ხშირად სვამდა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახში, გოგონას გაუჩინარების შემდეგ, მისი საქმიანობისა და სამსახურის შესახებ ბევრი კითხვა გაჩნდა. მან შ.პ.ს "ზეგ-ი" სახლიდან წასვლამდე 2 დღით ადრე დატოვა. ამის შესახებ კი პირველი მის თანამშრომელს, ნიკოლოზ გეჯაძეს ღამის 4-ის ნახევარზე გააგებინა და დირექტორთან შუამავლობა სთხოვა.

მშობლებმა ბაჩალიაშვილის საქმიანობის შესახებ იცოდნენ მხოლოდ ის, რომ მათი შვილი პროგრამისტი იყო და დაკვეთებზე მუშაობდა, თუმცა კონკრეტულად ვის და რა დაკვეთებზე ეს მათთვის ცნობილ არ ყოფილა. მამა ამბობდა იმასაც, რომ მისი შვილი ბოლო პერიოდში სახლში განერვიულებული და გაღიზიანებული ბრუნდებოდა.

შ.პ.ს "ზეგ-ი" დღეს დაილუქა, სამართალდამცველებმა კომპანიის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს, გამოკითხეს დირექტორი თამარ კობერიძეც. ის გამომძიებლის კითხვებს 7 საათის განმავლობაში პასუხობდა. 

შპს "ზეგ", რომელიც თამარმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, 2015 წლის 30 დეკებერს არის შექმნილი. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავდაპირველად საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ გეჯაძეა. 2018 წელს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხდება ამერიკის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი, დირექტორი კი თამარ კობერიძე.

კითხვები, ვერსიები, ვარაუდები მომხდარის შესახებ ბევრია, თუმცა რა გახდა 23 წლის გოგოს გაუჩინარების მიზეზი და რამ გამოიწვა მისი გარდაცვალება ამას პასუხი გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს.

დღის ამბები