20 მაისი 2024,   11:15
ვრცლად
ვინ იყვნენ დაუპატიჟებელი სტუმრები ნარეკვავის წვეულებაზე და რას წერდა იუბილარი კიდევ ერთ მთავარ მოწმეს - გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გური ამირხანაშვილმა ბრალდებული ზ.ხ. ამოიცნო. ტოიოტა ქამრის სხვა მგზავრების მსგავსად ზ.ხ.-ს გამოძიება გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. დაკავებული არასრულწლოვანი ასახელებს თავის ჩვენებაში ყველა იმ პირის ვინაობას, ვინც გიორგი შაქარაშვილს ხიდის ქვეშ გაეკიდა. მან დაასახელა ვახო ჩიქოვანი, აჩიკო გაგნიძე და ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მისი თქმით, შაქარაშვილს მისდევდნენ . ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამოცნობის დროს ამირხანაშვილს არ უთქვამს, რომ მასზე "ტოიოტას" მგზავრებმა იძალადეს ან რაიმე სახის კომუნიკაცია ქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მისული იყო კოკო ღიბრაძეც, ის საქმეში როგორც დიჯეი ისე ფიგურირებს. მან გამოძიებას ახალი ჩვენება გასულ კვირას მისცა, რა დროსაც "კურიერის" ინფორმაციით პირველი ჩვენების შინაარსი არ შეცვალა და მოწმემ ამჯერად მხოლოდ გვარები დააკონკრეტა. რა მიზეზით მივიდა დღეს უწყებაში დაზარალებული უცნობია, "კურიერმა" გაარკვია, რომ ის საქმის ერთ-ერთ პროკურორს შეხვდა.

საკუთარი მეგობრები ამოიცნო ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ანი გაბეჩავამ. მანამდე კი გაბეჩავას და მისი მეგობრების ფეისბუქ მიმოწერა ამოიღო გამოძიებამ, რომელიც საქმის მე-20 ტომში დევს. მიმოწერით ირკვევა, გაბეჩავა ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ მომხდარში მისი კლასელები მონაწილეობდნენ და საქმეში ხელკეტები ფიგურირებდა.

იუბილარის გზავნილები კლასელებთან დილის 8 საათსა და 30 წუთზე იწყება. ის ეკითხება მეგობრებს სად დატოვეს შაქარაშვილი და რა მოუვიდა მას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მეგობრები ერთმანეთის გამართლებას ცდილობენ.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ამ მიმოწერის შემდეგ გაბეჩავას კლასელებს იუბილარის ბიძა ესაუბრა. შეხვედრა 19 ივნისს დიდუბეში შედგა. რის შემდეგაც ანი გაბეჩავა მცხეთაში გამოკითხვაზე წავიდა. არც გაბეჩავა და არც მისი ადვოკატი ამ შეხვედრის მიზანზე არ საუბრობენ.

ის რაზეც გაბეჩავა და მისი ადვოკატი არ საუბრობენ, საკუთარ ჩვენებაში მოყოლილი აქვს ერთ-ერთ დაკავებულ არასრულწლოვან ნ.ც-ს. არასრულწლოვნის ჩვენება ადასტურებს, რომ დიდუბეში ანი გაბეჩავას ბიძა იუბილარის მეგობრებს შეხვდა. ჩვენების მიხედვით ბიძა ამჯერად უკვე დაკავებულ ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძეს, ნ.ც-ს, და ლ.შ-ს შეხვდა. არასრულწოვანი ჩვენებაში ამტკიცებს, რომ შეხვედრა შემთხვევით მოხდა და მომხდარის შესახებ ადგილზე შეიტყვეს. თუმცა, ანი გაბეჩავას ფეისბუქ მიმოწერა ადასტურებს, რომ ახალგაზრდებმა მომხდარის შესახებ უკვე იცოდნენ.

სოციალური ქსელიდან ამოღებული მიმოწერებით დასტურდება, რომ ვახო ჩიქოვანი ანი გაბეჩავას დაბადების დღის დაუპატიჟებელი სტუმარი იყო, ის ადგილზე 3 მეგობართან ერთად "ტოიოტა ქამრის" ავტომობილით ჩავიდა. მიმოწერის მიხედვით, მასთან ერთად იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი და კიდევ ერთი პირი "კაკი ჩქარეული", რომელიც ამჟამად უკვე დაკავებულია. მაგრამ საქმეში ამ სახელით და გვარით ჩვენება არ დევს. "კურიერმა" გაარკვია, რომ ეს მისი ოფიციალური სახელი და გვარი არ არის და მხოლოდ ფსევდონიმია. ის ავტობანის ინციდენტშიც მონაწილეობდა. ჩქარეულს თავის ჩვენებაში ახსენებს არასრულწლოვანი ზ.ხ-ც, რის გამოც გამორიცხული არაა განზრახ მკვლელობის მუხლი მასაც წარედგინოს.

დღის ამბები