18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ორივე პალატის ვერსია ხაზს უსვამს საქართველოსთან თანამშრომლობის სიღრმესა და სიმტკიცეს - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ–ის სენატმა მიერ 2021 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა - ამის შესახებ დავით ზალკალიანი "ფეისბუქში" წერს. 

"დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე - არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

როგორც იცით, წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტის მისი ვერსია, რომელიც, ასევე, შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზავნილებს.

ნიშანდობლივია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ორივე პალატის ვერსია, ერთმნიშვნელოვანია შეფასებაში და ყოველგვარი პირობითობის გარეშე, ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან თანამშრომლობის სიღრმესა და სიმტკიცეს, იქნება ეს ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ, გლობალურად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩართულობა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის - მიერ დამტკიცებული ვერსიები არის ორმხრივი ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება ამერიკის კონგრესის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას.

ეს სწორედ ის საკითხებია, რომელსაც ჩვენი გუნდი განიხილავს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენ თვალსაჩინოდ ვხედავთ ამ თანამშრომლობის შედეგებს. განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ სცადეს წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში,” - წერს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები