19 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
აქცია ოცნების ქალაქში - ადგილობრივები ხელისუფლებას სპეციალური კომისიის შექმნას სთხოვენ

ე.წ "ოცნების ქალაქში" აქცია გაიმართა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან სპეციალური კომისიის დროულად შექმნას მოითხოვდნენ, რომელიც განსაზღვრავს იმ ოჯახების ვინაობას რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

აქციის მონაწილეთა თქმით, დაპირების მიუხედავად ამ დრომდე არ შეუსწავლიათ "ოცნების ქალაქში" მცხოვრებთა კატეგორიები და გაურკვევლობაში არიან, ამიტომ შიშობენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ ბინებს არ გადასცემენ.

მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგიის ღირებულებაზე სუბსიდირებასაც ითხოვენ.

"ოცნების ქალაქის" მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს. უწყებაში თქვეს, რომ აქციის მონაწილეთა ეჭვები უსაფუძვლოა. უკვე დაწყებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მოსახლეობის შესწავლა და კრიტერიუმების დადგენა, რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადზე სუბსიდირებას, ამ საკითხზე დაწყებულია მუშაობა.

შეგახსენებთ ე.წ "ოცნების ქალაქში" 1500-ზე მეტი ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ცხოვრობს.

ისინი წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ,მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. კორპუსში სულ 580 ბინა იქნება,რომელიც ხელისუფლების თქმით სწორედ "ოცნების ქალაქის" მოსახლეობას გადაეცემა.

დღის ამბები