20 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - საქმე უაქციზო სიგარეტის გადატანას ეხება

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე კი თემურ და მათე ღვინჯილიებისთვის აღკვეთის ღონისძიებად 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.  

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაკავებული თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს. მათე ღვინჯილია კი ამბობს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის დასარიგებლად უნდოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ უაქციზო სიგარეტი სოფელ ფახულანის ტყეში დატვირთეს, გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

პროკურორმა წინასწარი პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა რამდენიმე მიზეზით, მათ შორის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო საფრთხით ახსნა. მისივე თქმით, მტკიცებულებების სახით, მათ შორის ფოტოსურათები და აფხაზეთის პოლიციის თანამშრომელთა ჩვენები არსებობს. 

"აღნიშნული ღონისძიების შეფარდება არასამართლიანად მიმაჩნია. საქართველოში არსებობს პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით, სასამართლომ გამოიყენა სადამსჯელო ღონისძიება დაკავებულების მიმართ, რადგან ერთი არის საკრებულოს თავმჯდომარე და მეორე აპარატის უფროსი,"- განაცხადა ადვოკატმა ანჟელა ჯობავამ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისინი მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს. საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია ბრალს არ აღიარებს, აპარატის თანამშრომელი კი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.   

 

დღის ამბები