17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
ნარკოდანაშაული, რაშიც არასრულწლოვანიც იყო ჩართული - პოლიციამ მძიმე ბრალდებით 9 პირი დააკავა

94 შეკვრა ჰეროინი, მეტადონი და 16 000 ლარი - შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულში ბრალდებული 9 პირი დააკავეს. ძალოვნების მტკიცებით, ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატიურად ყიდდნენ. ამის დასამტკიცებლად მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა სამართალდამცველებმაც განახორციელეს.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩატარდა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი მარინა კაკაურიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და ნარკოტიკებს არა სარეალიზაციოდ, არამედ პირადი მოხმარებისთვის ინახავდა.

თითქმის ანალოგიური პოზიცია აქვს კახა ჩუბინიძეს. ადვოკატი სასამართლოში იმის დამტკიცებას აპირებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წლებია წამალდამოკიდებულია და ნარკოტიკების გასაღებასთან კავშირი არ აქვს.

დაკავებული 9 პირიდან ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებას სთხოვს მოსამართლეს მისი უფლებადამცველი.

ცხრავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისშია ჩანიშნული.

დღის ამბები