20 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი - საქართველო დღეს სტიქიის ზონაა

განადგურებული 10 ხიდი, დაზიანებული ცენტრალური გზა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - პრობლემები რაჭაში უხვმა ნალექმა გამოიწვია. ადიდდა რიონი და ყველა მდინარე, რომელიც მას უერთდება.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ღებში, შოვსა და უწერაში. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია 10-მდე საცხოვრებელი სახლი. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა ნათესები, ვენახი. 2000-ზე მეტი ადამიანი მუნიციპალიტეტის 12 სოფელში გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა ელექტრომომარაგების აღდგენაა. "ენერგოპროს" წარმომადგენლები მხოლოდ იმ დაზიანებების აღმოფხვრას ახერხებენ, სადაც გზის გაჭრა მოხერხდა. წინასწარი გათვლებით, დღის ბოლომდე ელექტროენერგია აბონენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აღუდგება. დანარჩენებს რამდენიმე დღის განმავლობაში მოცდა მოუწევთ.

რაც შეეხება სასმელ წყალს, ონს ის უკვე შეფერხების გარეშე მიეწოდება, თუმცა სათავე ნაგებობა შეკეთებას მაინც საჭიროებს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით სტიქიის ზონაში პროფილური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც აღდგენითი სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებიან. ადგილზე შეიქმნა საგანგებო შტაბი.

დილიდან მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და სოფელ ნაკიეთასმდე შემოვლითი გზის გაყვანა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობას ხიდების აღდგენაზე. ვერტმფრენით გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სურვილი 30-მდე ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის ტურისტებმა.

რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ევაკუაციის პარალელურად, სხვადასხვა წერტილებში ჩარჩენილ ადგილობრივებს საჭირო პროდუქტებით და მედიკამენტებით მოამარაგებენ. რაც შეეხება ზარალს, ზუსტ ოდენობას კომისია რამდენიმე დღეში დაადგენს.

რაჭის პარალელურად, პრობლემებია გურიაშიც. დაზიანდა სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი გზის ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები. სოფელ ჩოჩხათში ჩამოწვა მეწყერი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. 

დღის ამბები